ძალა ერთობაშიას აქცია

ბესელია ევროპულ საქართველოს: ჩვენ და თქვენ ათასობით კილომეტრი გვაშორებს

მეორე არხი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების გუშინდელი საქციელი არის იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დეპუტატი. 

ბესელიამ ნიკა მელია იმ მანქანაზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატები ისხდნენ. 

მან ბიუროს სხდომაზე ამ განცხადებით ევროპული საქართველოს წევრებს მიმართა, რომლებმაც პარლამენტში შს მინისტრი დაიბარეს და რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კახეთში მომხდარ ინციდენტებში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება. 

"ათასობით კილომეტრი რომ გვაშორებს ერთმანეთთან და ეს მანძილი რომ არ შემცირდება, ეს კარგად ვიცით. მაგრამ ვიდრე დაგვიდგენთ წესებს და დაგვიდებთ პირობებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ჯერ ის გვითხარით, ის, რაც თქვენ გუშინ ნახეთ, როგორც იქცეოდნენ ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელები. თქვენივე კოლეგების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტებზე არც მე მომისმენია ერთი განცხადება, რომლითაც დაგმეთ პარლამენტის წევრებზე თავდასხმა. სხვათა შორის, ეს თავდასხმა არ იყო შემთხვევითი: როგორც ჩანს და არის ეჭვი, რომ ამას წინ უძღოდა ჩვენი კოლეგის პარლამენტიდან მითითება, რომ სწორედ ამ პარლამენტის მანქანის მიმართ შეიძლებოდა აგრესიის გამოხატვა. დიახ, მეც ვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას.

ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

თქვენ რომ ის მოგწონთ რაც გუშინ ნახეთ და აქეთ იშვერთ ხელს, არ მიკვირს, ეს ის ხელწერაა, რაც ბევრჯერ გვინახავს. ეს არის აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული იმათი მხრიდან, ვინც პოლიციას თავზე ახტებოდა, მანქანებს ატრიალებდა, ძალადობდა, ხელს წევდა და ა.შ. ეს ყველაფერი ითარგმნება, როგორც სისხლის სამართლის სისხლის სამართლის დანაშაული და ბატონ გახარიას არ უთქვამს, რომ მხოლოდ ოპოზიცია დაისჯება, მან თქვა სტატუსის მიუხედავად ყველა დაისჯებაო. და სტატუსის მატარებელი უფრო მკაცრად ისჯება, ასე წერია კოდექსში, რაც უფრო მაღალია პოლიტიკური პირის სტატუსი, მაღალია პასუხისმგებლობა. როგორ იქცეოდა თქვენი კოლეგა, არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ დეპუტატი უნდა იყოს კანონის დაცვის მაგალითი", - თქვა ბესელიამ. 

16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა, თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

16 დეკემბრის დღის ქრონიკა დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები