დაპირისპირება კახეთში

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

"არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს" - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებას ეხებოდა. 

შსს-ის განცხადებით, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრებმა "ღიად გააკეთეს ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებული განცხადებები" და სწორედ ამიტომ, უწყების ცნობით, მათ გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს, გზის გადაკეტვის მიუხედავად, თელავამდე მისვლის საშუალება მაინც მიეცათ, თუმცა გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყუება და თელავამდე მისასვლელი მეორე გზაც გადაკეტილი იყო. 

"აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ, ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდათ თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით, ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრზე და პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი,"- წერია შსს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

შეგახსენებთ, რომ თელავამდე მისასვლელი ორივე გზის გადაკეტვის პარალელურად, უშუალოდ ქალაქ თელავში გადაკეტილი იყო იმ მოედნამდე მისასვლელი გზა, სადაც გაერთიანებას აქციის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი. 

შსს-ის განცხადებით, კახეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა, "რომლის ღირებულება ათი ათასობით ლარს აღწევს". შსს აცხადებს, რომ ამ ფაქტებზე "ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს".

"გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა 16 დეკემბერს ველისციხეში ჩატარებულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით, მოსამართლის განჩინებით, დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,"- აცხადებს შსს. 

დავით კირკიტაძე დღეს, 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, ენმ-ის ლიდერები იქ დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. 

"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა. ვიბრძოლებთ ბოლომდე. აი, ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", - თქვა კირკიტაძემ დაკავების დროს რუსთავი 2-თან, რომელმაც კადრები პირდაპირ ეთერში გაავრცელა.

მუხლი, რომლითაც კირკიტაძის მიმართ საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები