დაპირისპირება კახეთში

ვაშაძე: მოვითხოვთ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას, რომელიც არის უკანონო პატიმარი

ტაბულა

ჩვენ მოვითხოვთ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას, რომელიც არის უკანონო პატიმარი- ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. 

ის ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები გურჯაანში იმყოფებიან და კირკიტაძის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. 

ვაშაძე, შსს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. 

"მოვისმინეთ შსს წარმომადგენლის ბრიფინგი, სადაც ის სამართალზე და კანონზე ისე გვიყვება, თითქოს ის მათთვის რაღაც არსებული დოკუმენტაციაა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ გვქონდა გადაადგილების თავისუფლება და შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. უფრო მეტიც, კანონით, ჩვენ გვქონდა თელავში უპრობლემოდ მისვლის უფლება. თუ მათ სურვილი ჰქონდათ რაიმე ტიპის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ადმინისტაციული აქტი უნდა გამოეცათ და ჩვენთვის უნდა ეცნობებინათ",- ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, ყველა ის მოქმედება რასაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ატარებდნენ კახეთში, უკანონო იყო.

"შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ გზა და გაეგრძელებინათ სვლა თელავისკენ, რაც იყო წინასწარ დაანონსებული",- აღნიშნა მან. 

დავით კირკიტაძე დღეს, 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, ენმ-ის ლიდერები იქ დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. 

მუხლი, რომლითაც კირკიტაძის მიმართ საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გუშინ, 16 დეკემბერს, თელავში მიმავალ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი ჰქონდათ შეთავაზებული და მათ ეს გზა არ გამოიყენეს.

გააფრთხილეს თუ არა ოპოზიცია თელავში მისასვლელი ალტერნატიული მარშრუტის შესახებ შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ აქ.

 

კომენტარები