ინციდენტი კახეთში

"გულწრფელი საუბარი იყო" - ომბუდსმენი ძალა ერთობაშიას ლიდერებს შეხვდა

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერებს, გრიგოლ ვაშაძესა და თინა ბოკუჩავას, შეხვდა, სადაც გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. 

ლომჯარიას თქმით, მხარეებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იზიარებს ომბუდსმენის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. 

"ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე, ხედვებსა და მოთხოვნებზე და იყო საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა არის მიუღებელი და ბატონი ვაშაძე ჩემს პოზიციას, ის ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც არის ძალიან მაღალი ტემეპერატურა და დაძაბულობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, რა თქმა უნდა, აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე და ჩვენ ამაზე გვქონდა სრულიად შეთანხმებული პოზიციები," - თქვა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანებამ ომბუდსმენისგან რამდენიმე რჩევა და მოსაზრება მოისმინა, რომელსაც გაითვალისწინებენ. 

"ვილაპარაკეთ იმ სიტუაციაზე, რაც გუშინ იყო შექმნილი, როდესაც შეგვიზღუდეს გადაადგილების, სიტყვის, აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და საერთოდ ვილაპარაკეთ იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს ჩვენს სახელმწიფოში არის. ძალიან ბევრ საკითხზე გვქონდა თანხვედრა. ქალბატონ ნინოს რამდენიმე მოსაზრება და რჩევა ჰქონდა, რაც ყურადღებით მოვისმინეთ და გავითვალისწინებთ და საერთოდ, სულ ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ, ერთ სახელმწიფოში ცხოვრება და ძალიან მინდა, რომ ხელისუფლებამ ეს რაც შეიძლება, სწრაფად გაიგოს," - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კახეთში გაერთიანების წევრი დავით კირკიტაძე დააკავა, რომლის მიმართაც საქმე აღძრულია 3531, მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები