გიგა ოთხოზორიას საქმე

წულუკიანი სტრასბურგში ოთხოზორიას საქმეში საქართველოს მონაწილეობაზე: მერე გადავწყვეტთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართული მხარე მოგვიანებით გადაწყვეტს ჩაერთოს თუ არა მხარედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვაში. 

მინისტრის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სახელმწიფო მას შემდეგ მიიღებს, რაც სტრასბურგი საქართველოს შესაბამის მიმართვას გაუგზავნის. 

"როდესაც პროცედურულად დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვიყოთ ასევე ამ ინდივიდუალურ საქმეში ჩართულები, თუ არა და ამის შესაძლებლობას პროცედურის მიხედვით დადგენილ დროს სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს, რა თქმა უნდა, ისეთი გადაწყვეტილება იქნება პროცედურულად მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად იმ მომენტში უპასუხებს ქართული სახელმწიფოს ინტერესს და ჩვენი სამართლებრივი დავის სტრატეგიას. მივესალმები, რომ ამ საქმის განხილვა უკვე დაიწყო,"- თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით  სტრასბურგის სასამართლოს 12 იანვარს მიმართა. წარდგენილ საჩივარში წერია, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის) უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა. 

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას  ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორიამიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.  

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიასმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.  

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები