დავით კირკიტაძის დაკავება

ადვოკატი: დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო, ის ბრალს არ აღიარებს

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი
რუსთავი 2

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის, ადვოკატის თქმით, დაკავებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

"ამ მუხლის სამართლებრივი შინაარსი აბსოლუტურად შეუთავსებელია, ვინაიდან დავით კირკიტაძის გადმოცემით, ის ახორციელებდა მათ ძირითად კონსტიტუციურ უფლებას და ამ დროს თითქოსდა თავდასხმა თითქოსდა სამართალდამცავი ორგანოზს თანამშრომლებზე სამსახურეობრივი მიდგომიდან გამომდინარე და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, არის ცოტათი შეუთავსებელი. დეტალებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც გავივლი კონსულტაციებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. იგი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აბსურდულია სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გადმოცემით აღნიშნული ბრალდება"- თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. 

დავით კირკიტაძე დღეს, 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, ენმ-ის ლიდერები იქ დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. 

"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა. ვიბრძოლებთ ბოლომდე. აი, ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", - თქვა კირკიტაძემ დაკავების დროს რუსთავი 2-თან, რომელმაც კადრები პირდაპირ ეთერში გაავრცელა.

მუხლი, რომლითაც კირკიტაძის მიმართ საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები