დაპირისპირება კახეთში

R2-ის ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი პირი კახეთში აქციის მონაწილეებს გაურკვეველ სითხეს ასხამს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ გუშინ, 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში გაერთინაების "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციაზე, უცნობმა პირმა ავტომობილში მჯდომ აქციის მონაწილეებს სახეში სპრეი შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით, გამოძიება დაიწყო. 

რუსთავი 2 ამბობს, რომ სპრეის შესხმის მომენტში, ავტომობილში ოპოზიციის აქციის 4 მონაწილე იჯდა. 

აქციის მონაწილე მანანა გუგეშაშვილი "კურიერის" ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ სპრეის შესხმიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა, სუნთქვა გაუძნელდა, ცრემლდენა და ყელის ტკივილი დაეწყო. 

"თვალებიდან ცრემლი წამომივიდა, ყელი ჩამეწვა საშინლად და მანქანიდან გადმოსვლა მინდოდა, მაგრამ კარი უცბად ვერ გავაღე და მერე კი გადმოვედი მანქანიდან. მეწვოდა ყელი საშინლად. წყალი სადღაციდან ვიშოვე უცბად და ამ წყალს ვსვამდი ხშირ-ხშირად. ყელი მეწვოდა, გულისრევის შეგრძნება მქონდა," - ამბობს გუგეშაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ჩატარდება ვიდეომასალში დაფიქსირებული პირის დადგენილისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი,"- წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები