სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი არ მივიდა ელჩების კონფერენციაზე, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო

სალომე ზურაბიშვილი

დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა "ელჩების კონფერენცია 2018" გაიხსნა, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტიც უნდა გამოსულიყო.

პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დღეს ამბასადორიალზე საერთოდ არ მივიდა. ეს იქნებოდა პირველი ღონისძიება, სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში სიტყვით უნდა გამოსულიყო.

საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის არ მისვლას მისი დატვირთული დღის წესრიგით ხსნის.

"ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, მოგეხსენებათ, იგი აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე სწორედ ამ დღეების განმავლობაში. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება მომავალში, რომ დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა და ჩვენ გავიაროთ ყველა ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მან ასე კარგად, მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის გამოსვლაში ინაუგურაციაზე. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია ამ საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ მომავალში", - თქვა დავით ზალკალიანმა.

უცნობია, შეატყობინა თუ არა პრეზიდენტმა ღონისძიება არ მისვლის შესახებ სამინისტროს წინასწარ. უწყებამ პრესრელიზი, სადაც სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შესახებ იყო საუბარი, გუშინ, 16:07 საათზე გაავრცელა.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურს და მისი ღონისძიებაზე მისვლის მიზეზი გაარკვიოს. ამბასადორიალის მიმდინარეობის პარალელურად, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე, ახალ რეზიდენციაში იმყოფებოდა და მედიას ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, მთავრობის წარდგინებით ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა და გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილებაა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა "ელჩების კონფერენცია 2018" დღეს, 18 დეკემბერს გაიხსნა და 21 დეკემბერს დასრულდება. უცნობია, მივა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე ამ დღეების განმავლობაში. 

კომენტარები