ბუტა რობაქიძის საქმე

რობაქიძის საქმეზე სასამართლომ 5 პირი გაამტყუნა, გურამ დონაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. 

  • გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
  • დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
  • ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
  • ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
  • ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო 5 ბრალდებულიდან, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და ამბობდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. 

პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურეობრივი უფლებამოსლების გამოყენებით მტკიცებულებების გაყალბებას ედავებოდნენ - პროკურატურა აცხადებდა, რომ 2004 წელს პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. გავრცელენბული ცნობით, პროკურორ დავით მეფარიძეს ერთ-ერთმა დამსწრემ გაურკვეველი ნივთი ესროლა, რომელიც მას თავში მოხვდა. 

ასევე, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა, დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

საქმეზე გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი გრიგოლ ბაშალეიშვილი დააკავეს. 

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. 

ბუტა რობაქიძის საქმე 
 

შემთხვევა 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდამცავებმა დააკავეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს პრესსამსახურის მიერ მომზადებულმა გადაცემა „პატრულმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. ვიდეომასალაში ნაჩვენები იყო შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ავტომობილში მსხდომებმა სამართლდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს - რობაქიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გაისროლა. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულების მიმართ საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მოგვიანებით, ორ მათგანს ბრალდება მოეხსნა.

მაშინდელი სახალხო დამცველის (სოზარ სუბარის) ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ამ ვერსიას ადასტურებდა პოლიციელების (ბაშალეიშვილის, აბუაშვილის, ჭანტურიას და ლობჟანიძის) ჩვენებები.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნებმა ამ ჩვენებების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა, გამოძიებამ მიმართულება შეიცვალა. შედეგად, 2006 წელს გრიგოლ ბაშალეიშვილს სასამართლომ რობაქიძეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თავის მხრივ, გარდაცვლილის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლომ ხელი დააფარა შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომელთაც მტკიცებულებები გააყალბეს. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული ერთი ავტომატური იარაღი და ერთი ხელყუმბარა ისე დარჩა, რომ მათ უკანონო შეძენა-ტარებაში არავის ედებოდა ბრალი.

კითხვები მალევე გაჩნდა მომხდარის ამსახველ ვიდეოსიუჟეტთან დაკავშირებით. 2006 წელს თბილისის პროკურატურამ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 2013 წლის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები თაროზე აღმოჩნდა და 6 წლის მანძილზე ამ მიმართულებით არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.

კომენტარები