ხორავას ქუჩის საქმე

"დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი" - სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა

rustavi2

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა. 

ის უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, უწყებაში მან საქმის მასალების გაცნობა დაიწყო. სარალიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავონ.

"დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება. მაგრამ რომ ჩავალ ბოლომდე, გადავიკითხავ  საქმის მასალებს, უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ. მე არ განვიხილავ მხოლოდ და მხოლოდ კალანდიას საკითხს, მე განვიხილავ ყველა ადამიანის საკითხს, ვინც შემხებლობაში იყო ამ საქმესთან და ნებისმიერი, ის პროკურორი იქნება, თუ გამომძიებელი იქნება, თუ ვინც კი დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში, ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული",- ამბობს სარალიძე. 

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, საქმესთან დაკავშირებით განმეორებით გამოკითხეს არასრულწლოვნები და მათი ოჯახის წევრები. ადვოკატის თქმით, რამდენჯერმე გამოკითხეს მირზა სუბელიანიც. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 

კომენტარები