ბელგია

ბელგიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

შარლ მიშელი
Reuters

ბელგიის პრემიერმინისტრი, შარლ მიშელი თანამდებობიდან გადადგა. მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობის ყველაზე მსხვილმა წევრმა, პარტია "ახალმა ფლამანდიულმა ალიანსმა" კოალიცია დატოვა, პარლამენტმა პრემიერმინისტრის შეთავაზებას, მაისში დაგეგმილ არჩევნებამდე უმცირესობის მთავრობის დამტკიცების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

შარლ მიშელმა მეფე ფილიპეს გადადგომა მას შემდეგ შესთავაზა, რაც სოციალისტური და მწვანეთა პარტიები პარლამენტში მისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ. ქვეყნის მონარქმა მას შესთავაზა პერმიერმინისტრის მოვალეობა შეასრულოს, თუმცა შემცირებული უფლებებით, სანამ პარლამენტში ახალი კოალიცია შეიქმნება.

შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იანვარში ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ "ახალმა ფლამანდიულმა ალიანსმა" მთავრობა ერთი თვის წინ დატოვა. მიზეზი შარლ მიშელის მიერ გაეროს მიგრაციის პაქტის ხელმოწერა გახდა, რომელიც ქვეყნების ლეგალური მიგრაციისათვის მეტ გახსნილობას და ერთიან, გლობალურ მიდგომას გულისხმობს. პაქტზე უარი უკვე თქვეს აშშ-მა, იტალიამ, უნგრეთმა, ავსტრიამ, პოლონეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა და ავსტრალიამ.

კომენტარები