მიშელ ობამა

"საკმარისზე მეტი ხარ" - მიშელ ობამას წერილი საკუთარ თავს ახალგაზრდობაში

ახალგაზრდა მიშელ ობამა პრინსტონის უნივერსიტეტში

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, CBS News-ის პროგრამის "SELF" ფარლებში საკუთარ თავს ახალგაზრდობაში წერილი მისწერა. 

გულახდილ წერილში მიშელ ობამა თავის ახალგაზრდა "მე-ს" ეუბნება, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, "საკმარისი". 

წაიკითხეთ წერილი: 

"ძვირფასო მიშ, აი, აქ ხარ, შენს ჯინსის ქურთუკსა და ნაწნავებში, შორს ჩიკაგოს აღმოსავლეთში მდებარე პატარა სახლისგან. შენ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ხარ. იღიმი და ასეც უნდა იყოს, რადგან ამისთვის ბევრი იშრომე.

მაგრამ ახლაც კი, როდესაც საკუთარ მიზანს მიაღწიე, ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, ეკუთვნი თუ არა საკუთარ თავს და ერთი კითხვა არ გასვენებს - "საკმარისად კარგი ვარ?"
აქ ბევრი ახალგაზრდა არ გგავს. ვიღაცები კამპუსში ლიმუზინებით მოვიდნენ. შენი ერთერთი კლასელი კინოს ვარსკვლავია, მეორეზე ჭორად დადის, რომ ნამდვილი პრინცესაა. მაშინ, როცა შენ მამამ კამპუსთან საოჯახო სედანით დაგტოვა. წლების გასვლის შემდეგ, აღმოაჩენ, რომ შენს მშობლებს სესხის აღება დასჭირდათ, რათა შენთვის სწავლის საფასური გადაეხადათ. თუმცა, მიშელ, რასაც ერთ დღესაც გააცნობიერებ, ისაა, რომ შენ მხოლოდ იმას ხედავ, რა გაკლია და არა ყველაფერს, რაც შენმა ამბავმა გიბოძა.



მამისგან ბოლო გაკვეთილს ძალიან მალე ისწავლი. ის გასწავლის, რომ ცხოვრება მიფრინავს. ასე რომ, იცინე მასთან ერთად იქამდე, სანამ გვერდი არ აგტკივდება. ბოლომდე დატკბი მისი ჩახუტების სითბოთი და იმ სინაზით, რომელიც მისი თვალებიდან მოდის. მოვა დღე, როცა მისგან მხოლოდ მოგონებები დაგრჩება. მის გაქრობას ძალიან მძიმედ გადაიტან. ეს ამბავი გადაგააზრებინებს ყველაფერს საკუთარ თავსა და მომავალზე. მაგრამ არ ინერვიულო, ამ ყველაფრის გავლა მარტოს არ მოგიწევს.



შენ გულის კარს გაუღებ მას, ვინც ერთდროულად ზუსტად შენნაირად და შენგან განსხვავებულად აღზარდეს. მას იმედისმომცემი იდეალები ამოძრავებს. ის ჩამოყალიბებული, კეთილი და ძალიან ჭკვიანია. და, ასევე, ძალიან კარგადაც გამოიყურება. ვფიქრობ, ამას დააფასებ. მისი ერთგულება არჩეული გზისადმი შენთვისაც გამოწვევა იქნება. ისწავლი, რომ საუკეთესო ურთიერთობებსაც კი, ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ამას არაუშავს, ეს ნორმალურია და სწორედ ეს ყველაფერი აძლიერებს პარტნიორობას.

ერთად თქვენ გექნებათ ბედნიერება, გყავდეთ ორი სრულყოფილი პატარა გოგონა, რომელიც იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებთ, რომლის მართვაც გაგიჭირდებათ. და მაინც, შენ მუშაობა მოგიწევს იმისთვის, რომ იპოვო ბალანსი ოჯახს, ქმრის მზარდ კარიერასა და საკუთარ თავს შორის. იყავი მომთმენი. აუცილებლად მიაღწევ ამას. და როგორც კი გადაწყვეტ, რომ ეს შეძელი, თქვენ ოთხი მანამდე უცნობ უსასრულობაში გადაიჭრებით.

ყველაფერი, რისთვისაც ასე ძალიან იბრძოდი - სტაბილურობა, ბალანსი, თავდაჯერებულობა - ერთხელაც რისკის ქვეშ დადგება. შენ გახდები თავდასხმის ობიექტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არასდროს შეხვედრიხარ და რომლებიც სინამდვილეში არ გადარდებს. ისინი საკუთარი მიზნების მისაღწევად ეცდებიან შენს დაზიანებას. არ დაეშვა მათ სიმაღლემდე, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მომხიბვლელად მოგეჩვენება იმ მომენტში ეს. იყავი იმ ღირებულებების ერთგული, რომელიც შენმა მშობლებმა გასწავლეს.



შენი ოჯახი შექმნის ისტორიას, გაარღვევს ბარიერებს და ამერიკის ისტორიას უფრო სრულყოფილს გახდის.

შენ შეხვდები ორ პაპს და ინგლისის დედოფალს. სტადიონზე იმ ხალხის ტევა არ იქნება, რომლებიც შენს მოსასმენად მოვლენ.

მარტივი იქნება, იფიქრო, რომ რაღაც განსაკუთრებული ხარ. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ მილიონობით ადამიანია, ვინც შენსავით გაიზარდა და არ მიეცათ საშუალება, ასეთ ფოკუსში მოქცეულიყვნენ. შუქი მათკენ მიმართე. ძალიან ბევრი შენნაირი ადამიანია სამყაროში, მიშ. შავკანიანი გოგონები და ყველა სახის უმცირესობები, მუშათა კლასის ბავშვები დიდი და პატარა ქალაქებიდან, ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობაში არიან, არ იციან, სად არიან, თუმცა ძალიან ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ მსოფლიოსთვის. გაუზიარე მათ შენი ისტორია, შენი პრობლემები და შენი ტრიუმფები და ყველაფერი სხვა. აჩვენე მათ, რომ მათში უფრო მეტი მშვენიერებაა, ვიდრე ამას ახლა ხედავენ. სწორედ ასე შეძლებ უპასუხო იმ შეკითხვას, რომელიც თავს არ განებებს და ზოგჯერ ღამეებს გათენებინებს.

საკმარისზე მეტი ხარ, მიშ. ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნება. და ერთი სული მაქვს, როდის დაინახავ ამას,"- წერს ობამა თავისი თავისადმი მიძღვნილ გულისამაჩუყებელ წერილში. 

კომენტარები