ათონელის რეზიდენცია

ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში, რამდენიმე თვე, რემონტის პირობებში მოუწევს მუშაობა

ტაბულა

უწყება, რომელიც ათონელის რეზიდენციას არემონტებს, ვერ აკონკრეტებს როდის დასრულდება სასახლეში სარემონტო სამუშაოები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ სამუშაოებს სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება. მათი ინფორმაციით, ეს „შესაძლო გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზეა“ დამოკიდებული.

რაც შეეხება ხარჯებს, ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოების ხარჯები გასაიდუმლოებულია. რეზიდენცია სახელმწიფო საიდუმლოებით დაცული ობიექტების სიაში შედის. ტაბულამ ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია  სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსგან გამოითხოვა. სწორედ მათ ბალანსზე არის ათონელის რეზიდენცია - სულ მცირე, 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან. ტაბულას სააგენტოში უთხრეს სწორედ, ოქტომბრის ბოლოდან განახლდა რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები.

გამარჯვების შემთხვევაში, რომ ათონელის რეზიდენციაში აპირებდა შესვლას, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის აგვისტოში დაანონსა. „ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტულად ვიგრძნობ", - თქვა მან.

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში საქმიანობა დაუსრულებელ სასახლეში დაიწყო. პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში სამი დღის წინ, 18 დეკემბერს, პირველად მივიდა და ჟურნალისტებისათვის განცხადება დროებითი სამუშაო ოთახიდან გააკეთა. ჟურნალისტებს მხოლოდ უკვე გარემონტებული სივრცის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ამ ნაწილშიც ადვილად შესამჩნევია დაზიანებული კედლები.

მანამდე, 2013 წელს,  ორბელიანის სასახლეს გიორგი მარგველაშვილისთვის არემონტებდნენ, თუმცა მაშინ ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენილიყო.

მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხარჯების რაოდენობას არ მალავდა და ამბობდა, რომ ათონელის რეზიდენციის განახლება 28 მილიონი დაჯდა და მარგველაშვილს უნდა აეხსნა საზოგადოებისთვის, რისთვის დაიხარჯა ეს თანხა, თუ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში დარჩებოდა.

თბილისში ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარეობს. ისტორიულ შენობაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული, წინა ხელისუფლების დროს შენობა განახლდა.

პირველი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში, აშენდა. ავლაბრის რეზიდენციას მმართველი გინდი 2013 წლის შემდეგ იმ მოტივით იწუნებს, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს არ შეესაბამება. 

ამ ეტაპზე უცნობია, ავლაბრის რეზიდენციას რას უპირებენ. სხვადასხვა დროს დასახელებული იდეების მიხედვით, შესაძლოა შენობაში რომელიმე სამინისტრი განთავსებულიყო ან გაყიდულიყო და, მაგალითად, სასტუმროდ ქცეულიყო. ავლაბრის რეზიდენციის აშენების სრული ღირებულება უცნობია. 

ბუნდოვანია 330-მილიონიანი საპარლამენტო შენობის ბედიც ქუთაისში - ბოლო ვერსიით, შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი შეიძლება, განათავსონ. 

კომენტარები