ადრეული ქორწინება

ბავშვთა ქორწინების შესახებ შსს-ს უმეტესად ერთი წლის შემდეგ ატყობინებენ - 2018 წლის სტატისტიკა

www.teenvogue.com

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ადრეული და ბავშვთა ქორწინების 133 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ შორის ყველაზე მეტი, 105 შემთხვევა არის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ, სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, წინასწარი შეცნობით. 23 შემთხვევაში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, ხოლო 5 შემთხვევაში ქორწინების იძულების.

16 წლის ასაკთან მიუღწეველთა სექსუალური კონტაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ხშირად სამოქალაქო რეესტრიდან ატყობინებენ (42%). 16%-ია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეტყობინების მაჩვენებელი. ოჯახის წევრი შსს-ს 10%-ის შემთხვევში ატყობინებს, სკოლა კი 3%-ის. 5%-ია სახალხო დამცველის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ 105 საქმიდან უმეტეს შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ჩადენიდან 1 წლის შემდეგ (24%) ან 10 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში (22%) აცნობეს. ერთ თვემდე ვადაში შსს-ს მიმართეს მხოლოდ 6%-ის შემთხვევაში, 1-დან 3 თვემდე ვადაში 13%, 4-დან 6 თვემდე 15%, ხოლო 7-დან 9 თვემდე ვადაში - 20%.

105 შემთხვევიდან 56%-ში შსს-სადმი მიმართვის დროს გოგოს, რომელიც ადრეულ ქორწინებაში იყო, დამნაშავესთან საერთო შვილი ჰყავდა, 12%-ის შემთხვევაში სავარაუდო დაზარალებული ფეხმძიმედ იყო, ხოლო 31%-ის შემთხვევაში არ ჰყავდათ საერთო შვილი.

რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლს აქვს - 34%. სხვა რეგიონებს შორის სხვაობა მცირეა:

  • სამეგრელო, ზემო სვანეთი - 11%
  • აჭარა - 11%
  • კახეთი - 10%
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - 10%
  • თბილისი - 9%
  • სამცხე-ჯავახეთი - 7%
  • გურია - 4%
  • შიდა ქართლი - 3%
  • სხვა ტერიტორია - 1%

რაც შეეხება ქალაქებს, სადაც 16 წლამდე მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის მაჩვენებელი ყველაზე ხშირია, აქ მარნეული და თბილისი ლიდერობენ.

  • მარნეული - 16
  • თბილისი - 9
  • გარდაბანი - 7
  • ბოლნისი - 6
  • დმანისი - 5
  • ხულო - 5
  • ქუთაისი- 5

შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს სავარაუდო დამნაშავისა და სავარაუდო დაზარალებულის ასაკზეც. უმეტეს შემთხვევაში, 16 წლამდე მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში ბრალდებული 18-დან 25 წლისაა (62%), ხოლო სავარაუდო დაზარალებული 15-16 წლის (83%). ადრეულ ქორწინებაში არიან 13-14 წლის გოგოებიც - 16%.

აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში ბრალდებულებს შორის 27%-ის შემთხვევაში არიან 26-დან 35 წლის ასაკის კაცები.

რაც შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს, შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო - აქედან ერთს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, პირობით მსჯავრთან და ჯარიმასთან ერთად, ხოლო მეორეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით 4 წლიან პირობით მსჯავრთან და ჯარიმასთან ერთად. 18 საქმეზე გამოძიება შეწყდა. შსს ამბობს, რომ ამ შემთხვევებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ დადასტურდა. 

თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლის შემთხვევაში შსს-ს უმეტესად მშობლები ან სავარაუდო დაზარალებულის ნათესავი ან მეზობელი მიმართავენ.

რეგიონების მიხედვით ამ მუხლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (8), ხოლო შემდეგ აჭარაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

კიდევ ერთი მუხლი, რომლითაც შსს ბავშვთა ქორწინების შემთხვევაში გამოძიებას იწყებს, ქორწინების იძულებაა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ასეთი 5 სისხლის სამართლის საქმე ჰქონდათ და დევნა 1 პირის მიმართ დაიწყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს ყველა ფაქტი მარნეულსა და თეთრიწყაროში მოხდა და ისინი ამის შესახებ უმეტესად სახალხო დამცველის აპარატისგან იგებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, გამოძების პროცესს ართულებს ის, რომ ხშირად, დანაშაულის ჩადენიდან სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინებამდე დიდი დროა გასული. უწყება ამბობს იმასაც, რომ უმეტეს შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია, რადგან ამ დროს უკვე დამნაშავის ცოლია, ხშირად ფეხმძიმედაა ან საერთო შვილები ჰყავთ.

გარდა ამისა, შსს გამოწვევებს შორის ასახელებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ადრეული ქორწინების გავლენის შესახებ საზოგადოებაში დაბალ ცნობიერებას და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ ტრადიციებს.

----

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით დღეს ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ სამართალდამცავი უწყების პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, UNFPA-მ ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის (COMBI) ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ UNFPA-ის 2010 წლის კვლევის მონაცემებით, ქალებში 18 წლამდე დაქორწინებულთა წილი 14%-ს შეადგენს. განახლებული რაოდენობრივი მონაცემი 2019 წელს დაგეგმილი კვლევის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

UNFPA-ს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება განისაზღვრება როგორც რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლამდე. პრაქტიკაში, როგორც წესი, 18 ასაკს მიუღწეველი პირი გოგოა.

წაიკითხეთ:

კომენტარები