დავით კირკიტაძის საქმე

შსს: გურჯაანში გვეყოლება საპოლიციო ძალები, აქციის მონაწილეებმა უნდა დაიცვან წესრიგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას. ცნობისთვის, გურჯაანში, ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების განხილვის პარალელურად, "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" საპროტესტო აქცია დააანონსა.

"შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ - აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთს" - აცხადებს შსს.

გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეებს გურჯაანის სასამართლოსთან მისვლისკენ ცოტა ხნის წინ მოუწოდა. ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სწორედ გურჯაანის სასამართლოში, 10:30-ზე განიხილება.

"უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხვალ დილის 9 საათზე შევიკრიბოთ გურჯაანის სასამართლოსთან, მხარი დავუჭიროთ უსამართლოდ დაკავებულ დათო კირკიტაძეს და გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას" - წერს გრიგოლ ვაშაძე Facebook-ზე.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ენმ-ის წევრისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვ.მ. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. 

გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. ხოლო ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის, 58 წლის ქალი დააკავეს. 

კომენტარები