გაერთიანებული ოპოზიცია

შსს გურჯაანის აქციაზე: გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი

Tamara Jincharadze/Fb.com

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის გამო, შსს-მ დილის 09:00 საათიდან გურჯაანის რამდენიმე ქუჩაზე (დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების) ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, "დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს". უწყება აღნიშნავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით.

"არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

პოლიცია 20 დეკემბერს, დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ უწყება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, "რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა".

"ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. ისინი ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მოუწოდებენ - უკანონობას ნუ დაიცავენ.

დღეს გურჯაანის სასამართლო ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს გადაწყვეტს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვ.მ. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. 

გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. ხოლო გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის, 58 წლის ქალი დააკავეს. 

კომენტარები