თურქეთ-სირია

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: [ქურთები] თავიანთივე გათხრილ სანგრებში დაიმარხებიან

ჰულუსი აკარი
Reuters

კატარის დედაქალაქ დოჰაში ერთობლივი სამხედრო ბაზის მონახულებისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა სირიაზე ისაუბრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო მედია Anadolu წერს:

"ახლა ჩვენ მანბიჯი გვაქვს და აღმოსავლეთ ევფრატი ჩვენს წინაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე...ამბობენ, რომ [ქურთები] მანბიჯში და აღმოსავლეთ ევფრატზე გვირაბებს და სანგრებს თხრიან. გათხარონ რამდენიც უნდათ, თუ სურთ შეუძლიათ მიწაში ჩაძვრნენ, როცა დრო და ადგილი მოვა, თავიანთივე გათხრილ სანგრებში დაიმარხებიან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს სირიიდან საკუთარი ჯარი გამოჰყავს. მისი თქმით მრავალწლიანი ბროძლის შემდეგ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ამერიკელი ჯარისკაცები სახლში უნდა დაბრუნდნენ.

ტრამპის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკის სრულად გამოსვლა რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენას გააძლიერებს. ორივე ქვეყანა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარი მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.

თურქეთმა უკვე განახორციელა სამხედრო ოპერაციები ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებული "სახალხო დაცვის შენაერთების" წინააღმდეგ, თუმცა ამ დრომდე ევრფატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებიც იყო განთავსებული, ოპერაციებისაგან თავს იკავებდა.

კომენტარები