აშშ-რუსეთი

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

Reuters

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვის აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სია გააფართოვა, თუმცა, ამავდროულად, სანქციები მოუხსნა ალუმინის კომპანია Rusal-ს და ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ კიდევ ორ კომპანიას მას შემდეგ, რაც მათ ოლიგარქთან კავშირის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თავად დერიპასკა კვლავ სანქციების სიაში რჩება.

სანქციების სიას დაემატა რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო ძალების წარმომადგენელი 15 პირი და 4 კომპანია, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან და დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოზე კიბერ-თავდასხმასთან არიან კავშირში.

სანქციების სიაში შევიდნენ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვიც, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ადანაშაულებს.

კომენტარები