დავით კირკიტაძის საქმე

"ოცნების" დეპუტატი მოსამართლეს სთხოვდა, კირკიტაძისთვის არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდებინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი სასამართლოს სთხოვდა, ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის არასაპატიმრო სასჯელი გამოეყენებინა. ის ამის მიზეზად სხვა მსგავს საქმეებს ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შერჩევით სამართალზე ეჭვი არავის არ უნდა გაუჩნდეს.

"მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც, სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ, დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს ვთხოვ, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“ - ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა.

გურჯაანის რაინულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები