დიმიტრი გაბუნია

გაბუნია ქალთა მოძრაობაზე: დასაშვებ ზღვარს სადაც გადასცდებიან, სამართლებრივ პასუხს მიიღებენ

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ქალთა უფლებადამცველების განცხადებას პასუხობს, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილის გაბუნიას კანდიდატურის გადახედვისკენ მოუწოდებდნენ.

აქტივისტები წერდნენ, რომ გაბუნია გენდერულად არამგრძნობიარეა და "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა". მათ ამის დასადასტურებლად ავოკატის ის განცხადბა მოიყვანეს, სადაც ​მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?".

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ქალთა მოძრაობის განცხადებებს დღეს არაკვალიფიციური და სასაცილო უწოდა და თქვა, რომ სადაც ისინი კრიტიკის დასაშვებ ზღვარს გადასცდებიან, სამართლებრივ პასუს მიიღებენ.

"არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი, სადაც იქნება გადაცილებული, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს", - ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქალთა უფლებადამცველებს მოუწოდებს თავი დაანებონ "ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას".

"არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში ეს ხალხი არც თუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - აღნიშნავს ის.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე ამბობს, რომ არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან.

"ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ ინსინუაციები ამ ყოველგვარ ცრუ ბრალდებებზე. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. გაეროს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ გაიგივებულია, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ ან არ ვიზიარებ მის პოზიციას", - აღნიშნავს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ქალთა მოძრაობამ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია.​ CIDA-ს​უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10 მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. ამავე დღეს ქალთა მოძრაობამ აქცია დააანონსა, რომლითაც ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას გააპროტესტებენ. აქცია ათონელის რეზიდენციასთან სავარაუდოდ, შაბათს, 22 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები