დრონები გატვიკის აეროპორტში

გატვიკის აეროპორტში დრონების გამო ასობით ფრენა გადაიდო

AP

ლონდონში სიდიდით მეორე, გატვიკის აეროპორტში პერიმეტრზე მფრინავი დრონების გამო ფრენები გადაიდო.

აეროპორტის ასაფრენი ბილიკი ოთხშაბათ ღამის შემდეგ დაკეტილია. პერიმეტრზე ორი დრონი დაფრინავდა, რაც თვითმფრინავებს საფრთხეს უქმნიდა.

ინციდენტის გამო შეფერხდა 760 ფრენა, რაც 110,000-ზე მეტ მგზავრს შეეხო. ამჟამად აეროპორტში ფრენას 11,000-მდე მგზავრი ელოდება. ადმინისტრაციის თქმით ისინი ცდილობენ, რომ მათ საკვები და სასმელი მიაწოდონ. შეფერხებამ შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე გასტანოს.

ფრენების ნაწილი ჰითროუს, ლუტონის, ბინმინემის, მანჩესტერის, კარდიფის,გლაზგოს, პარიზისა და ამსტერდამის აეროპორტებში გადაამისამართეს.

პოლიციის თქმით თავდასხმა ტერორისტული არ არის, თუმცა განზრახ სცადეს აეროპორტის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა. ამ დრომდე უცნობია ვინ მართავდა დრონებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თქმით გადადების მიზეზი "ექსტრაორდინალური გარემოებებია" და შესაბამისად ავიაკომპანიებს მგზავრებისათვის ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოვალეობა არ დაეკისრებათ.

კანონის მიხედვით აეროპორტის მიმდებარედ 1 კილომეტრის რადიუსში და 120 მეტზე მაღლა დრონის ოპერირება აკრძალულია, რადგან ეს თვითმფრინავთან დაჯახების და ავიაკატასტროფის გამოწვევის რისკებს ზრდის. კანონდარღვევა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გასულ წელს დრონების გამო 100-მდე მსგავსი ინციდენტი მოხდა.

კომენტარები