ზვიად გამსახურდიას საქმე

ზურაბიშვილი: გაგრძელდეს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის იზიარებს ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნას, "გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა". ის აღნიშნავს, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება.

"ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა, მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. მიზეზად ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე დასახელდა, რომელიც ხანდაზმულობის გამო, შესაძლოა 2 კვირაში დაიხუროს. კონსტანტინე გამსახურდია საქმის გამოძიებასა და მამის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ის ასევე კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, - "განსაკუთრებულ შემთხვევებს" ხანდაზმულობა არ შეეხება.

ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ გამსახურდიებს საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ ისინი შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას პირობა დადო, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას დაასრულებდა.

"არ შეიძლება, ქვეყანამ არ იცოდეს, როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით, რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს" - ამბობდა მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი. 

კომენტარები