ია კერზაიას საქმე

ია კერზაიას საქმეზე მის შვილს, ბაჩანა შენგელიას 25 დეკემბერს გამოკითხავენ

0 კომენტარი
ბაჩანა შენგელი ფოტო: რუსთავი 2

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობდა და ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, მისი შვილი, ბაჩანა შენგელია სამშაბათს, 25 დეკემბერს გამოიკითხება.

​უწყებაში ამბობენ, რომ შენგელაია მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე გამოიკითხება.

"შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს. ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მომართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა", - ამბობენ პროკურატურაში.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

სკოლის შემოწმებას რამდენიმე კვირის წინ Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების შემდგომ პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას" უწოდებდა ოპოზიციაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები