დროებითი საგამოძიებო კომისია

გახარია უმცირესობას: ვერაფერი დაადგინეთ, საგამოძიებო კომისიის დისკრედიტირება მოახდინეთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხორავას ქუჩის საქმეზეც ისაუბრა, რომელზეც ოპოზიციის დეპუტატებმა ყველაზე მეტი კითხვა დასვეს. 

გახარიამ საპარლამენტო უმცირესობას, ევროპულ საქართველოს, მიმართა და თქვა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა, ვერცერთი სამოხელეო გადაცდომა ვერ დაადგინა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დისკრედიტირება მოახდინა. 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, თქვენ, სამწუხაროდ, სრული დისკრედიტირება მოახდინეთ საგამოძიებო კომისიის პარლამენტში. სრული აბსოლუტური, ეს ერთი, იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს, და იმის მაგივრად, რომ შედეგისთვის მიგეღწიათ, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელსაც თქვენ მე ვერ გადამათქმევინებთ ან მაშინ უნდა ადგეთ და თქვენთან ერთად უნდა წავიკითხოთ დასკვნა, თუნდაც თქვენი ან თუნდაც ის, რომელიც მიიღო პარლამენტმა და ამის შემდეგ განვსაზღვროთ, რა იყო იმ დასკვნაში ახალი ან რა იყო ფაქტობრივად დადასტურებული და შემდგომ ვისაუბროთ ამაზე ობიექტურად," - თქვა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან, რის გამოც, დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შსს-სთან აქცია დაიწყო.

კომენტარები