ქალთა მოძრაობის აქცია

"გადმოდი ქალების მხარეს" - ქალთა მოძრაობის წევრების აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ქალთა მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან დიმიტრი გაბუნიას გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, გაბუნია თავისი განცხადებით სექსუალური შევიწრობის ნორმალიზებას ახდენს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ქალთა მოძრაობამ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. 

კომენტარები