ზვიად გამსახურდიას საქმე

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაგრძელდება

burusi.wordpress.com

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაგრძელდება - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, მომავალი კვირიდან დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზრდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაჩქარებული წესით განვიხილავთ ვადის გაგრძელების საკითხს, რომლის ლოგიკა არის სამართლის აღსრულების თვალსაზრისით, როგორც ეს მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე, რომლის მიმართ არის, რა თქმა უნდა, დიდი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი. ამავე დროს, ვადის გაგრძელება შეეხება ყველა იმ საქმეს, რომელიც ექცევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. მე იმედია მაქვს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს დაუჭერს მხარს“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარება არის არამხოლოდ პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, არამედ მორალური ვალდებულებაც.

„ბუნებრივია, აქ არის მორალური ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ან სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის მორალური ვალდებულება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ეს არგუმენტი და გავახანგრძლივოთ ამ ეტაპზე 5 წლით ხანდაზმულობის ვადა, რაც მიმდინარე პრობლემას აღმოფხვრის. მომავალში შეიძლება ნებისმეირ საკითხზე მსჯელობა. არა მარტო ამ საქმეზე, არამედ სხვა საქმეებზეც შეიძლება არგუმენტები იყოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის გამო გამოძიება 31 დეკემბერს წყდება და მოითხოვენ, რომ “განსაკუთრებულ შემთხვევებს” ხანდაზმულობა არ შეეხოს.

კომენტარები