ემანუელ მაკრონი

მაკრონი: აშშ-ის სირიიდან გასვლა დასანანია, მოკავშირე სანდო უნდა იყოს

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ დასანანია.

"ძალიან ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს სირიის საკითხზე. მოკავშირეობა ნიშნავს მხარდამხარ ბრძოლას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სამხედრო ძალების მეთაურისათვის. მოკავშირე სანდო უნდა იყოს." თქვა მაკრონმა ჩადში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში სირიის დემოკრატიული ძალების წვლილსაც:

"ყველას მოვუწოდებ არ დაივიწყონ რამხელა ვალში ვართ მათთან." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შესახებ ესაუბრა.

"კარგი, ის მთლიანად შენია. ჩვენ დავასრულეთ." უთხრა ტრამპმა ერდოღანს სატელეფონო საუბრისას.

წყაროების მიხედვით ერდოღანმა ტრამპს უთხრა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო თითქმის დამარცხებულია, ხოლო რეგიონში აშშ-ის ყოფნა პრობლემებს იწვევს. მათი თქმით ერდოღანი ტრამპს დაჰპირდა, რომ თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბოლოს მოუღებს.

დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ განცხადება 20 დეკემბერს გააკეთა. მან თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ის პარტნიორების და მოკავშირეების, ასევე ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. თანამდებობა დატოვა თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარის მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები