ზაზა შათირიშვილი

შათირიშვილი: დავტოვე საზმაუს სამეურვეო საბჭო, ტელევიზიას და ჟურნალს ვაკეთებ

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დაუდასტურა ტაბულას. 

როგორც შათირიშვილი ამბობს, ის ახალ ტელევიზიას და ჟურნალს აკეთებს და ბორდს ინტერესთა კონფლიქტის გამო ტოვებს.

შათირიშვილის თქმით, ის ტელევიზიასა და ჟურნალს საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან ერთად, "ძირითადად კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად" აკეთებს. 

კონკრეტულ გვარებს შათირიშვილის არ ასახელებს და ჯერჯერობით არც კონცეფცია აქვს შემუშავებული. მისივე თქმით, მისი განცხადება სამეურვეო საბჭოდან წასვლის შესახებ რეგისტრაციაში გატარებულია და ბორდის წევრად უკვე აღარ ითვლება.

ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 2018 წლის 23 მარტს აირჩიეს.

პრორუსული და ანტიდასავლური განწყობების მქონე ზაზა შათირიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

შათირიშვილმა, რომლის საბჭოში გაყვანასაც, გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მთავრობასთან აფელირებული სხვა პირები ცდილობდნენ, შესარჩევ კომისიასთან ინტერვიუს დროს, მაუწყებელთან დაკავშირებულ ვერცერთ ფაქტობრივ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.

კომენტარები