კათოლიკე ეკლესია საქართველოში

როგორ ააგეს კათოლიკეებმა თბილისში მართლმადიდებლური ტაძარი

ხშირად რელიგიური უმცირესობების ქველმოქმედებას პროზელიტიზმად ასაღებენ, თუმცა, თბილისში დგას ტაძარი, რომელიც ამ შეხედულებას თავდაყირა აყენებს.

თითქმის არავინ იცის, რომ საქართველოში კათოლიკეებმა მართლმადიდებლური ტაძარი ააგეს, იმისთვის, რომ სულიერად შეწეოდნენ მათ, ვისაც მატერიალურადაც ეხმარებიან.

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე ტაძრის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1999 წელს საქართველოში რომის პაპი, იოანე პავლე მეორე ჩამოვიდა.

ტაძარი კათოლიკე ეკლესიის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის, კარიტასის ტერიტორიაზე აშენდა.

პადრე ვიტოლდი, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან მსახურობს, იხსენებს:

„1999 წელს იოანე პავლე მეორე თბილისში ჩამოვიდა. მახსოვს, სადილის შემდეგ საუბრისას წმინდა მამამ მკითხა, რას გავაკეთებდი მომავალში, ვუპასუხე, რომ სიამოვნებით დავეხმარებოდი ქუჩაში მცხოვრებ, ღარიბ, მიტოვებულ ბავშვებს და სხვებს.

წმინდა მამამ მითხრა, შენ ეს უნდა გააკეთოო და 50 ათასი დოლარი გადმომცა ამ ნაკვეთის საყიდლად, რომელიც 7000 კვადრატულ მეტრზე მეტია.

შევიძინოთ ეს მიწა და შემდეგ ნელ-ნელა დავიწყეთ ამ ცენტრის აგება, სადაც არის სასადილო ღარიბთათვის, მოხუცებულთა თავშესაფარი, სადაც ასევე ცხოვრებენ ობოლი ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან და მსახურობენ სხვადასხვა ხელობის ადამიანები.

როდესაც ვმუშაობდით ამ ცენტრის პროექტზე ვფიქრობდი, რომ ღარიბებს სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები, ტანისამოსი, სკოლა, საწოლი, უამრავი რამ, მაგრამ საჭიროა ასევე ადამიანის სულიერ მხარეზე ფიქრი.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, აგვეგო ეს ეკლესია.

თავიდან ვფიქრობდი, მომეწყო ეკუმენური ეკლესია, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ აქ ყველანი მართლმადიდებლები არიან. საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, დიდწილად მაინც.

მახსოვს, რომში იოანე პავლე მეორესთან სტუმრობისას, სადაც ხშირად დავდიოდი წმინდა მამასთან სასაუბროდ, ვკითხე, თუ იქნებოდა შესაძლებელი ამეგო მართლმადიდებლური ტაძარი მე, კათოლიკე მღვდელს.

წმინდა მამა ჩაფიქრდა და მიპასუხა - კი უნდა ითქვას, რომ ამ ეკლესიის ასაშენებლად პირველი შემოწირულობა იოანე პავლე მეორესგან მივიღე.

დაბრუნების შემდეგ პატრიარქ ილია მეორესთან სასაუბროდ წავედი, რადგან ის აქაური მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელია და ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მისი პასუხით ძალიან გაკვირვებული დავრჩი: მამა ვიტოლდ, გინდათ მითხრათ, რომ თქვენ, კათოლიკე მღვდელს გსურთ, ააგოთ მართლმადიდებლური ტაძარი? სამჯერ გამიმეორა ეს შეკითხვა მე ვუპასუხე - დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ზუსტად ასეა

იოანე პავლე მეორეს ფულით და ლოცვით და ასევე პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ავაგეთ ეს ეკლესია, რომელიც ხალხს, ღარიბებს, ბავშვებს და მოხუცებს ემსახურება. მე ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის, ამ დიდი დახმარების გარდა, რასაც ეს ცენტრი უწევს ხალხს, მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენაც შეგვიძლია. ამაყი ვარ, რადგან 10, 30, 20 წლის შემდეგ, ვინ იცის როდის, აქ აღარ ვიქნები, მაგრამ ეს ეკლესია დარჩება საუკუნეების განმავლობაში, რათა ადამიანებს შეახსენოს, რომ ყოველდღიურზე აღმატებული ღირებულებებიც არსებობს", - ამბობს მამა ვიტოლდი ტაბულასთან 

კომენტარები