უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

გიორგი მიქაუტაძე უზენაესის მოსამართლის პოსტზე თავისივე კანდიდატურას შეაფასებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატია. 

ეს ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძე თავის თავს განსახილველად თავისივე კანდიდატურას წარუდგენს. 

"ასეთი რამ არ ხდება, მას ისედაც უკავია მაღალი და მნიშვნელოვანი თანამდებობა და მწვერვალებისკენ, წესით, აღარ უნდა ისწრაფოდეს, მაგრამ მას უნდა გაიმყაროს პოზიციები - ის არ არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჯერჯერობით - და კიდევ 25 წელი დარჩეს სასამართლო სისტემაში. მე არ მგონია, საქართველოს მიქაუტაძისნაირი, ნადარაიასნაირი, გვრიტიშვილისნაირი, ჩინჩალაძისნაირი მოსამართლეები სჭირდებოდეს", - თქვა პირველ არხთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. 

საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები 24 დეკემბრის სხდომაზე დაასახელა - ორგანო დასამტკიცებლად პარლამენტს მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს.

სასამართლო სისტემას სრულად აკონტოლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ის ატარებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, შედეგების მიუხედავად არჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც ისწავლიან იუსტიციის სკოლაში, ნიშნავს მოსამართლეებს, ნიშნავს ან დაითხოვს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, ეხება მოსამართლის დათხოვნა, ან დაწინაურება და წახალისება, ასევე, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება. 

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, 16 დეკემბრიდან ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა და სწორედ იუსტიციის საბჭო გახდა ის ორგანო, რომელსაც აქვს უზენაესი სასამართლოს როგორც მოსამართლეების, ასევე თავმჯდომარის კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის უფლება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 14 წევრისგან შედგება, მათგან 8 - მოსამართლეა, 5 - პარლამენტის მიერ დანიშნული, 1 კი - პრეზიდენტის კვოტით.

კომენტარები