უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ჯანეზაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატებმა დატოვეს კვალი მართლმსაჯულების სისტემაში

ნაზი ჯანეზაშვილი
ინტერპრესნიუსი

იუსტიციის საბჭოს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების 24 დეკემბერს წარმოდგენილ სიას აპროტესტებს. 

მისი თქმით, ადამიანები, რომელებიც გიორგი მიქაუტაძემ ამ დღის სხდომაზე გამოაცხადა, კლანურად მოქმედებენ, ასევე, მისი თქმით, ამ მოსამართლეებმა ქართულ მართლმსაჯულებაზე მძიმე კვალი დატოვეს. 

ჯანეზაშვილმა პირველ არხთან ასევე თქვა, რომ ამ დღის სხდომის დღის წესრიგი ცნობილი წინა ღამეს გახდა, მომდევნო დღეს კი გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზევე წაიკითხა სია. 

მისივე თქმით, გასულ კვირას საბჭოს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა მისი წინადადება, შეეტანათ ცვლილება რეგლამენტში და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საზოგადოების ჩართულობით ემსჯელათ. 

"მიხეილ ჩინჩალაძეს წლის განმავლობაში ერთი ათეული საქმეც კი არ აქვს ადამიანს განხილული. მას სასამართლო გამოცდილება არ გააჩნია. რა საქმეები უნდა განიხილოს ჩინჩალაძემ, როგორ შეეხიდება ის სხვა სისხლის სამართლის თუ სხვა დარგის მოსამართლეებს. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩინჩალაძე არ არის მოსამართლე, რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა საქმეებზე. ის არის მენეჯერი, ლიდერი და საქმეების მომრიგებელი.

„ეს არის ჩინჩალაძე, რომელიც საქმეებს არ იხილავს და რომელ საქმეზეა ლაპარაკი?! ის განმხილველი მოსამართლე არ არის. ოფიციალურად არის, მაგრამ პრაქტიკულად, საქმეებზე არ მუშაობს. ის პრივილეგიებით სარგებლობს და სასამართლო სისტემაში ერთგვარი შეფია. ის წლების განმავლობაში კუბლაშვილის მოადგილე იყო და 10 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ საქმეებს მაშინაც არ იხილავდა. იმ პერიოდში კუბლაშვილი ერთგვარი ბუტაფორია იყო იმ თვალსაზრისით, რომ სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი გავლენები ჰქონდა. დღეს, ამ ადამიანს ეს გავლენები დარჩა და ბრუნდება უზენაეს სასამართლოში, რომ მართოს სისტემა. ეს არის ადამიანი, რომლის ირგვლივაც შემოკრებილი კლანის დანარჩენი წევრები. ის იძლევა ბრძანებებს და ის არის მთავარი პერსონა. ესენი გადაწყვეტილებებს მის გარეშე არ იღებენ", - თქვა ჯანეზაშვილმა.

მან სხვა კანდიდატებზეც ისაუბრა. 

"მოსამართლე გვრიტიშვილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფიგურირებდა რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ჯარიმებთან დაკავშირებით. ის და სხვები დღევანდელ ხელისუფლებას ებრძოდა, როგორც შეეძლოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ებრძოდნენ [ქართულ ოცნებას], ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ". 

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა.

მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. 

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შესული კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 10 ახალი მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს. 

მოსამართლეების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენის უფლება კონსტიტუციითვე სრულად მიენიჭა უმაღლეს საბჭოს. 

საბჭო არის ორგანო, რომელიც ატარებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, შედეგების მიუხედავად არჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც ისწავლიან იუსტიციის სკოლაში, ნიშნავს მოსამართლეებს, ნიშნავს ან დაითხოვს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, ეხება მოსამართლის დათხოვნა, ან დაწინაურება და წახალისება, ასევე, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 14 წევრისგან შედგება, მათგან 8 - მოსამართლეა, 5 - პარლამენტის მიერ დანიშნული, 1 კი - პრეზიდენტის კვოტით. 

კომენტარები