კრიმინალი

შსს: წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ცხელ კვალზე, 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ცხელ კვალზე, 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ უწყებაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით მხარეებს შორის დაპირისპირება წავკისის გზაზე მომხდარ ავარიას მოჰყვა, რა დროსაც მათ პატრული არ გამოიძახეს და მოგვიანებით მანქანის ზიანის ანაზღაურების საკითხზე შეხვდნენ ერთმანეთს. საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი დაპირისპირებაში გადაიზარდა.  უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ში ამბობენ, რომ სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.

შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები