გიორგი ქობულია

ეკონომიკის მინისტრი: რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვა, რომ "ხალხს აქვს განცდა, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის", დღეს პირველი განმარტება გააკეთა.

გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში სიღარიბე 20%-ია და "რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს".

"სიღარიბე არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, სიღარიბესთან ბრძოლა არის ჩვენი ამოცანა N1 და ეს არის ის პარამეტრი, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მუდმივად. რა მოხდა სიღარიბესთან დაკავშირებით - თუ 2010 წელს სიღარიბე იყო 40%, ანუ, პრაქტიკულად ყოველი მეორე კაცი, თითქმის ყოველი მეორე კაცი იყო ღარიბი, ეს პარამეტრი საკმაოდ ჩამოვარდა, ჩამოვარდა დღემდე 20%-მდე, ანუ ორჯერ. 2013-დან რომ ვნახოთ, ეს ჩამოვარდნილია 10 პროცენტული ელემენტით. ამავე დროს, ეს პარამეტრი რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე, ეს არის 20%. ამასწინათ იყო ლაპარაკი იმაზე, ხალხს უჭირს თუ არ უჭირს. რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% სიღარიბე არის უზარმაზარი მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის, ამოცანა N1, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ", - თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სიღარიბის დაძლევის უფრო მაღალი ტემპი.

"რა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შემცირდა. ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ჩვენ გვჭირდება სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 20 დეკემბერს ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ხალხს აქვს განცდა, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ჩვენთან ინფლაცია არის არაუმეტეს 2%-2.5%-ია. კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად, 2%-მდე არის ინფლაცია. ამიტომ, დიახ, რაღაც წამლებზე ფასი გაიზარდა, ამაზე ჩვენ სუბსიდირებას ვაკეთებთ, როგორც იცით, მაგრამ პრინციპში, ჩვენ რომ ვნახოთ ფაქტები და არა რაღაც განსაზღვრული ნაწილის განცდა, შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის. ფაქტები უჩვენებს იმაზე, რომ ინფლაცია იყო 2%-2.5% და სამომხმარებლო კალათა იმდენად არ იზრდება ფასში, ამიტომ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ უარესად ვცხოვრობთ, ეს არ არის ესე" - თქვა მინისტრმა.

ამავე დღეს გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ "ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები