მგლოვიარე ადამიანები

5 რამ, რაც არ უნდა უთხრათ ადამიანს, რომელიც დღესასწაულს მგლოვიარე ხვდება

0 კომენტარი
ფოტო: SO-COADDICT VIA GETTY IMAGES

მგლოვიარე ადამიანებისთვის საშობაო დღესასწაულები ნაკლებადაა "წელიწადის ყველაზე მშვენიერი პერიოდი", რადგან ისინი არამხოლოდ უმკლავდებიან თავიანთ ტკივილს, არამედ უწევთ, რომ ამ ტკივილს გაუმკლავდნენ მაშინ, როდესაც წესით, სხვების მსგავსად, ბედნიერები უნდა იყვნენ. 

ისინი, ვისაც მგლოვიარე ადამიანებზე გული შესტკივა, ხშირად ცდილობენ, მეგობრების გამხიარულებას სხვადასხვა გზით, გამამხნევებელი ფრაზებითა თუ რჩევებით, თუმცა ამერიკის ფსიქოთერაპიის ასოციაციის ხელმძღვანელი დენ რაიდენბერგი Huffington Post-თან საუბრისას ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი მცდელობები უკუჩვენებებით სრულდება. 

ნახეთ რაიდენბერგის რჩევები და იმ ფრაზების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა უთხრათ ადამიანებს, რომლებიც გლოვაში არიან:

1. "გაიღიმე, დღესასწაულია"

მიუხედავად იმისა, რომ ეს, ზოგადად, კარგი საშუალებაა ადამიანის გასამხიარულებლად, შესაძლოა, ცუდადაც მოგიბრუნდეთ. 

"ასეთი განცხადებებით ხშირად გლოვაში მყოფ ადამიანებს ვუგზავნით შეტყობინებას, რომ მათ დამალონ საკუთარი სევდა ან რომ სევდიანად ყოფნა არ არის ნორმალური. ეს მათ ტკენს, უფრო მეტად მარტოსულად აგრძნობინებს თავს და აფიქრებინებს, რომ მათი გლოვა, რაღაც მხრივ, არასწორია" - ამბობს რაიდენბერგი. 

2. "მომავალი წელი უკეთესი იქნება"

გლოვა ხშირად ადამიანებს მომავალს ბუნდოვნად წარმოუჩენს. 

"დღესასწაულები, როგორც წესი, კარგი, ბედნიერი დროის მოგონებებს აღძრავს, როდესაც საყვარელი ადამიანები და მეგობრები ერთად ქმნიან მოგონებებს. მგლოვიარე ადამიანისთვის ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ეს მათთვის ძალიან რთულია" - ამბობს რაიდენბერგი. 

მისი თქმით, ამის ნაცვლად, სჯობს, რომ ეს ადამიანები ჩვენს სადღესასწაულო მზადებაში რაიმე ფორმით ჩავრთოთ და მათ ჩვენი დროის ხარისხიანი ნაწილი დავუთმოთ, როცა ეს დასჭირდებათ. მათთვის თქვენ გვერდით ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ.

3. ნებისმიერი კითხვა, რომელიც სიკვდილის შესახებ დეტალებს ეხება. 

ასეთ შემთხვევებში ცნობისმოყვარეობა ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ, ამბობს ფსიქოლოგი ნენსი მარშალი და ავტორი წიგნისა, რომელიც თვითმკვლელობას გადარჩენილ ადამიანებს ასწავლის, როგორ გააგრძელონ ცხოვრება. 

"არ აიძულოთ არავინ, რომ კიდევ ერთხელ მოყვეს ეს ისტორია და კიდევ ერთხელ განიცადოს ტრავმა,"- ამბობს მარშალი. 

4. "მოდი, ვეცადოთ, არ ვიფიქროთ მათზე ახლა"

"ადამიანებს ხშირად უჭირთ იყვნენ იმათ გვერდით, ვინც სევდიანი და მგლოვიარეა, ამიტომაც ხშირად ისინი ცდილობენ, რაღაც მხრივ შეუმსუბუქონ მათ ყოფა, მაგრამ სინამდვილეში ხანდახან, უბრალოდ, შეუძლებელია რაღაცების გაუმჯობესება"- ამბობს რაიდენბერგი. 

ამის ნაცვლად, ეცადეთ, რომ მგლოვიარე ადამიანებს კითხოთ იმ ტრადიციების შესახებ, რომელიც მათ აწ უკვე გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებთან ერთად ჰქონდათ, ამბობს რაიდენბერგი. მიეცით მათ უფლება, რამდენიც უნდათ, მხოლოდ იმდენი გაგიზიარონ.

5. "ისინი უკეთეს ადგილას არიან ახლა"

კლიშეების გამოყენება მარტივია, თუმცა ხშირად არ არის სწორი. ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად "ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება" და "ისინი ახლა უკეთეს ადგილას არიან" ხშირ შემთხვევაში უფრო ცუდად მოქმედებს იმ ადამიანზე, რომელიც გლოვაშია, ამბობს რაიდენბერგი. 

ამის ნაცვლად, ეცადეთ, გამოიყენოთ ფრაზები "ვერც კი წარმომიდგენია, რას შეიძლება, გრძნობდე ახლა" ან "არის რამე, რისი გაკეთებაც შენთვის შემიძლია?" და არასდროს ჩათვალოთ, რომ მათთვის იმის თქმა, რომ წუხხართ იმის გამო, რაც შეემთხვათ, ზედმეტია.

თქვენ ამ ადამიანებს გლოვას ვერ გაუქრობთ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა გადალახვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.  

"ცხადია, რომ არასდროს იქნება ნორმალური, რომ ეს მოხდა, მაგრამ დრო გავა და ძლიერი ტკივილი ნელნელა განელდება,"- ამბობს მარშალი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები