რუსული პროპაგანდა

ჟურნალისტს ანტიდასავლურ ფაშისტურ ჯგუფებზე მომზადებული სიუჟეტისთვის ემუქრებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, მას რუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ფაშისტური ჯგუფის წევრები ემუქრებიან. 

23 დეკემბერს გადაცემა "ახალ კვირაში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ანონიმური რესპოდენტი ამბობს, რომ ის თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ანტიდასავლური ფეისბუქ ჯგუფის წევრი იყო და ყვება დეზინფორმაციის და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების სტრატეგიის შესახებ. მისი თქმით, სპამ შეტევების მთავარი სამიზნეები იყვნენ ტაბულა და სხვა მედიასაშუალებები.

"მე მათ ჯგუფში ექვსი თვის განმავლობაში ვიყავი სხვა სახელით და გვარით, ვხედავდი როგორ აკეთებდნენ ორგანიზებას, ვთქვათ, ჩააგდებდნენ ბმულს, ლინკს რომელიმე მედიასაშუალების სტატიის, ან ადამიანის პოსტის და წავიდა ბიჭებო შევესიეთ. შემდეგ მიდიოდა იქ კომენტარებში საშინელი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი მიზანმიმართულად. რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებს, მახსენდება ლიბერალი, ტაბულა, ნეტგაზეთი, პირველი არხი თუნდაც. ხშირად ვხედავდი ამ ჯგუფში ამ მედიასაშუალებების ლინკებს, როგორც სამიზნეს."- ყვება ანონიმური წყარო. 

ფაშისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრმა თორნიკე ვაშაკიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ სიუჟეტის ეთერში გაშვებისთვის მაუწყებელი მოლოტოვის კოქტეილის ღირსია ჟურნალისტი კი სარზე დასმის. 

"ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე რუსულ პროპაგანდაზე გაკეთებული სიუჟეტის გამო მხოლოდ შეურაცხყოფას კი არ მაყენებს, სარზე დასმით მემუქრება და სამსახურში, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მოლოტოვის კოქტეილების შემოგდებას აპირებს, როგორც თავად ამბობს. ვიღაც ტროლი, ამოფარებული გერმანულ სახელსა და გვარს, მეუბნება, რომ არაბი კაცებისგან ჯგუფურ სექსუალურ ძალადობას ვიმსახურებ. ნუ, გინებაზე არაფერს ვამბობ, უკვე მივეჩვიეთ ჟურნალისტები. არსებობს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი ასეთ დროს?"- წერს თუთბერიძე ფეისბუქზე

ჟურნალისტი მუქარებს და აგრესიას ანონიმური რესპოდენტის მიერ ქსენოფობიური ჯგუფების მუშაობის სტრატეგიების გამხელას უკავშირებს. 

"დიდი ხანია საერთაშორისო საკითხებზე და რუსულ პროპაგანდაზე ვმუშაობ და ჩემთვის ახალი არაა შეურაცხმყოფელი კომენტარები, თუმცა, მსგავსი პირდაპირი მუქარა აქამდე არ ყოფილა და ვფიქრობ ეს გამოიწვია იმან, რომ ანონიმურმა რესპოდენტმა გაამხილა ამ ჯგუფების სტრატეგიები. შეურაცხმყოფელი კომენტარები იმდენად კოორდინირებული იყო, რომ ამან დაადასტურა ის, რაც რესპოდენტმა თქვა."- ამბობს თუთბერიძე. 

თორნიკე ვაშაკიძე მუქარას უარყოფს, მისი თქმით კომენტარი ცილისწამების საპასუხოდ  აღელვებულზე დაწერა და ნამდვილ მუქარას არ შეიცავს. საქართველოს ეროვნული ერთობა ფეისბუქზე წერს, რომ თორნიკე ვაშაძე რამდენიმე თვეა მოძრაობის წევრი აღარაა.

"საქართველოს ეროვნული ერთობის” ფეისბუქ გვერდზე იძებნება არაერთი ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ძალადობრივი და ფაშისტური მოწოდება. ორგანიზაციის მეთაური გიორგი ჭელიძე ღიად აფიქსირებს, რომ არის ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი. ჭელიძე, მხარდამჭერებთან ერთად, აგრესიითა და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდა კლუბ “ბასიანში” განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ.

გიორგი ჭელიძეს ცეხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თორნიკე ვაშაკიძე 17 მაისს "საქართველოს ეროვნული ერთობის" სხვა წევრთან ერთად წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფაშისტური მოძრაობის წევრები ჯგუფური გაუპატიურებით იმუქრებიან. 2017 წლის 17 ივლისს  ქსენოფობიური მოძრაობის, ქართველთა მარშის ორგანიზატორები საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას გულისხმობს. 

კომენტარები