თბილისის საკრებული

თბილისის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

timer.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 927,6 მლნ ლარით განისაზღვრა, ეს 66 მლნ ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტი და 10.8 მიილიონით უფრო მეტი, ვიდრე 2018 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის 38% ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება, ხოლო 35%-ზე მეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით. მომავალ წელს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი. რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 19 მილიონი ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მილიონით ნაკლები.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია დაახლოებით 328 მლნ ლარი, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 21-22 მლნ ლარით მეტია.

"ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2018 წელს გვქონდა დამტკიცებული პირველადი ნაწილი 338 მილიონი ლარი, რომელიც წლის განმავლობაში 44 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2019 წელს ჩვენ ვამტკიცებთ 357 მილიონს, რომელიც წლის განმავლობაში გაიზრდება 75 მილიონი ლარით. ამ ჭრილში მე მინდა გითხრათ, რომ 2019 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც თბილისის ბიუჯეტი გაცდება 1 მილიარდ ლარს."- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი თქმით, 51 მლნ ლარით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება. ასევე დაგეგმილია 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული ხოლო 20 მილიონი ლარი ბაღების ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის. 

 

 

კომენტარები