უზენაესი სასამართლო

ომბუდსმენი პარლამენტს: შეაჩერეთ წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა". ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ასევე უცნობია, რატომ არ წარადგინეს არცერთი პირი სასამართლო სისტემის გარედან, ასევე, რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის.

"კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი (პლენარულ სხდომაზე საკითხის მხარის არ დაჭერით), დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეს უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შევიდა ძალაში. ომბუდსმენის შეფასებით, სამწუხაროდ, ახალი კანონმდებლობით დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე შეფასების მკაფიო კრიტერიუმები.

"ეს საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის არის შექმნილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში მისი ჩართულობის მიზანი (ნაცვლად პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) პროცესის გაჯანსაღება უნდა იყოს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით. ბუნებრივია, აღნიშნული მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არა ერთადერთი. აუცილებელია გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნას მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე და არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებას, მოსამართლეთა კორპუსს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი პროფესიული გამოცდილებით და კვალიფიკაციით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს" - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები