საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

კაკაბაძე: საზმაუს ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტიც იზრდება

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა საზმაუს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საბჭოს წევრებმა თავიანთი ანაზღაურების გაზრდას მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

კაკაბაძე Facebook-ზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო ზაზა შათირიშვილმა დატოვა, ტელევიზიის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და "მისი ერთგული ჟურნალისტები საბჭოს მიადგნენ". 

კაკაბაძის განმარტებით, მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტიც და, შესაბამისად, წევრების ჰონორარებიც მექანიკურად იზრდება. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში საჰონორარო ნაწილში მორჩენილი იყო თანხის ნაწილი, რომელიც არ გაიცა, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭო თვეების განმავლობაში არასრული შემადგენლობით მუშაობდა.

ამასთან, კაკაბაძე აქვეყნებს ფინანსური კონსულტანტის, გიორგი ნატროშვილის, განმარტებასაც, რომლის მიხედვითაც, მორჩენილი თანხის სხვა მიზნით დახარჯვა ეწინააღმდეგება კანონს და აუდიტის დასკვნაში ერთხელ უკვე მოხდა კიდეც მსგავს დარღვევაზე მითითება. 

"სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარი განსაზღვრულია მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად და არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს. 2017 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მაუწყებლის 2015 და 2016 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, საბიუჯეტო პროცესების ხარვეზად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი კლასიფიკატორები განიცდიდა ცვლილებას... 

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჰონორარი შესულია შრომის ანაზღაურების ხარჯვის კლასიფიკატორში. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ხარვეზად ითვლება, თუ ამ კლასიფიკატორიდან სხვა ხარჯვით ნაწილში გადავა თანხა. შესაბამისად, მაუწყებლის ჰონორარის აუთვისებელი ნაწილი მხოლოდ შრომის ანაზღაურების მუხლში უნდა გადავიდეს არ უნდა მოხმარდეს სხვა კლასიფიკატორს,"- წერია ნატროშვილის განმარტებაში. 

ნინია კაკაბაძე ასევე წერს, რომ მოამბის ჟურნალისტს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ის გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, მთლიანად საბჭო უნდა გადასულიყო ჰონორარულ ანაზღაურებაზე და ყველა სხდომის გაცდენის შემთხვევაში, დაქვითულიყო თანხა, ანაზღაურება კი მომხდარიყო დასწრების მიხედვით. აღნიშნული ფაქტი გუშინდელი, 25 დეკემბრის სხდომის ჩანაწერშიც ჩანს. 

გუშინ, 25 დეკემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამეურვეო საბჭოს წევრებმა ანაზღაურების გაზრდას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოს ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი 8 მეურვე წევრზე ერთჯერადად გადანაწილდა, რაც თითოეულის შემთხვევაში დამატებით 3 407 ლარს გულისხმობს. 

ამასთან, საზმაუს ცნობით, 2019 წლის ახალი ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება წევრების ყოველთვიური ხელფასიც. საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი 5 800 ლარის ნაცვლად, 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის - 4 800 ლარი, ხოლო საბჭოს წევრი 3 800 ლარის ნაცვლად, 4 200 ლარს მიიღებს. 

კომენტარები