თბილისის მერია

კალაძე: ვეცდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს უპირატესობა და შევზღუდოთ კერძო მანქანები

თბილისის მერია

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე კომფორტული ქალაქში" - ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. როგორც კალაძემ თქვა, სპეციალურად ავტობუსისათვის გამოყოფილ ზოლებში კერძო მანქანებით გადაადგილება დარღვევაა და შესაძლოა მსგავს ადგილებზე კამერები დამონტაჟდეს და დარღვევისთვის ჯარიმებიც გაიზარდოს. 

"ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე კომფორტული ქალაქში. ხშირია შემთხვევები, როცა სპეციალურად ავტობუსისათვის შექმნილ ზოლებში კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მე მინდა ვთხოვო ირაკლის, საპატრულო პოლიციასთან გქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია, მათი მხრიდან არის სრული მზაობა, მე ბატონ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თუ საჭიროა აუცილებლად დავაყენოთ კამერები, ვინც დაარღვევს აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის განკუთვნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ჩემი თხოვნაა ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მოწესრიგებული." - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იგივე ეხება ველობილიკებს და ასევე პარკინგის ადგილებს, რომლებიც მხოლოდ ლიცენზირებული ტაქსებისთვის არის გამოყოფილი. თბილისის მერი ამ მიმართულებითაც რეგულაციების გამკაცრების მომხრეა. 

"ველობილიკები იმიტომ კეთდება, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების. ჩავრთოთ ყველა და გავამკაცროთ ამ მიმართულებით რეგულაციები თუ გასაზრდელია ჯარიმები აქაც მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ კანონში გვინდა გარკვეული ცვლილებები, პარლამენტიც მზად არის და ესეც გავაკეთოთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხით  მოსიარულეებისთვის იყოს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. იგივე მიდგომები უნდა გვქონდეს ლიცენზირებული ტაქსებისთვის ქალაქში გამოვყავით უფასო საპარკინგე ადგილები და ძალიან ხშირია როცა ამ ადგილებზე სხვა ავტომობილებია გაჩერებული. ესეც დასარეგულირებელია. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ ის თუ აღსრულებაში არ განვახორციელეთ იმ რეფორმას ფასი დაკარგული აქვს. ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური კომუნიკაცია საპატრულოსთან, კამერებით აღჭურვა, ჯარიმებია რის გასაზრდელი გავზარდოთ ჯარიმები რომ ქალაქში იყოს წესრიგი."- თქვა კალაძემ.

თბილისის მერიაში დღეს 2018 წლის ბოლო მთავრობის სხდომა გაიმართა. 

კომენტარები