უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ომბუდსმენი პარლამენტს: შეაჩერეთ უზენაესის მოსამართლეების განხილვის პროცესი

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატების განხილვის პროცესი. 

ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა, როგორც პოლიტიკურმა ორგანომ, რომელიც, მათ შორის, პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, პლენარულ სხდომაზე საკითხს მხარი არ უნდა დაუჭიროს, ასევე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და "დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა". 

ლომჯარია ამბობს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

ომბუდსმენის შეფასებით, ასევე გაუგებარია, რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

"კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული, საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს", - აცხადებს ლომჯარია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა.

საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. 

ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები