უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კობახიძე: გაზაფხულამდე არ გადავწყვეტთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ "სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან გამოითქვა სურვილი, მოსამართლეთა შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურებით ან/და კრიტერიუმების შესაბამისად". კობახიძის თქმით, მათ გადაწყვეტილება სწორედ ამის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს გაცხადებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღეს. 

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. 

უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია საჭირო 28-დან 10 მოსამართლე, რაც ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან გამოითქვა სურვილი, მოსამართლეთა შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურებით ან/და კრიტერიუმების შესაბამისად. 

აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

კობახიძის განცხადებამდე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მიუთითეს, რომ ისინი არ ემხრობიან საკითხის ფორსირებულ რეჟიმში გადაწყვეტას და მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტმა სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ უნდა განიხილოს. 

"2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. აღნიშნულ პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მინიმუმ 28 უნდა იყოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს.

შესაბამისად, ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის რომ მიგვეღო გადაწყვტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება. ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, - ნათქვამია განცხადებაში", - წერია საბჭოს მოსამართლე წევრების განცხდებაში

მოწოდებით, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვა, პარლამენტს დღეს ომბუდსმენმაც მიმართა. ლომჯარიამ თქვა, რომ ვინაიდან "24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა".

ასევე, ომბუდსმენის შეფასებით, გაუგებარია, რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა.

საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. 

ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

კომენტარები