უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

იუსტიციის საბჭო: არასწორია, თითქოს მოსამართლეთა დანიშვნა ფორსირებულ რეჟიმში გვსურს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარყოფს ბრალდებებს, რომ მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა ფორსირებულად, სწრაფად სურთ. 

საბჭომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში ვითარება კრიზისულია, ვინაიდან მოსამართლეთა რაოდენობა ცოტაა, განსახილველი საქმე კი - ბევრი და მოსამართლეები მათ ვერ უმკლავდებიან. თუმცა, ფიქრობენ რომ ეს "საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებ​ს". 

"2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. აღნიშნულ პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მინიმუმ 28 უნდა იყოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს.

შესაბამისად, ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის რომ მიგვეღო გადაწყვეტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება. ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, - ნათქვამია განცხადებაში", - წერია საბჭოს მოსამართლე წევრების განცხდებაში

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს საგაზაფხულო სესიიდან განიხილავს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა.

საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. 

ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

კომენტარები