უაქციზო სიგარეტი

20 000 ლარის უაქციზო სიგარეტი - საგამოძიებო სამსახურმა შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

"თბილისში და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოვიღეთ სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის  ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს საკონტროლო გამშვები პუნქტის "სადახლო" გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადაჰქონდა HEETS-ის ფირმის უაქციზო სიგარეტი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სამართალდამცველებმა 4 598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. მათი საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

კომენტარები