ეკა ბესელია და სოფო კილაძე

ბესელია კილაძეს: ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე გადამდგარმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რამდენჯერმე იკამათეს. 

კილაძემ ბესელიას უთხრა, რომ ახლა ესმის, რატომ დატოვა სალომე სამადაშვილმა კომიტეტი - თავმჯდომარე წევრებს საუბრის საშუალებას არ აძლევს. ბესელიას თქმით კი, მას ძალიან ახარებს, რომ კილაძე და სამადაშვილი ერთ პოზიციაზე არიან. 

"ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ასეა, თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება", - თქვა სოფო კილაძემ. 

ეკა ბესელიამ კი რეპლიკით გააწყვეტინა: 

"ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა". 

ამის შემდეგ სოფო კილაძემ თქვა, რომ ადამიანები შეცდომაში შეყავთ, როცა ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გუნდში იმსჯელეს, ვინაიდან ასე არ ყოფილა. 

"მგონია, რომ ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენ ეს საკითხები არ განგვიხილია. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას თითქოს ვაპარებთ საზოგადოებას? ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ყოველ შემთხვევაში მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- თქვა კილაძემ. 

კილაძემ ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებაც ისაუბრა, შემდეგ კი სხდომა დატოვა. 

"ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების თემაზე ჯერ კიდევ მისვამდნენ კითხვებს 3 თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ გუგლში. რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგები თემაა, რადგან ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას",-თქვა სოფო კილაძემ. 

კომენტარები