ქალთა უფლებები

ქმრების სურვილი, ოჯახის მოვლა, დაბალი ანაზღაურება - რატომ "არ მუშაობენ" ქალები საქართველოში

ქალებს დასაქმებაში შეიძლება ხელი შეუშალოს საზოგადოებაში გავრცე­­ლებულმა ნორმებმა და სტერეოტიპებმა, ასევე, ოჯახის წევრებისა და, კერძოდ, ქმრის სურვილმა, რომ ცოლმა არ იმუშაოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ქალები სამუშაო ძალაში ოფიციალურად, მათი უმრავლესობა ასრულებს უხილავ შრომას - ქალები საოჯახო საქმეებზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობას უდრის. თუმცა მათ ამაში ხელფასს არავინ უხდის.

5-დან ერთი ქალი, რომელიც ამბობს რომ არ მუშაობს, აღნიშნავს, რომ მისი სახლში დარჩენა ქმრის სურვილია. შედარებისთვის, კაცების შემთხვევაში იგივე მდგომარეობა აქვს 50-დან ერთს.

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) კვლევაში სახელწოდებით "ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში".

გამოკითხვაში მონაწილე ქალები აღნიშნავენ, რომ კაცები ხელს უშლიან ქალებს მუშაობაში და მათი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვის მოვლას და შესაბამის პასუხისმგებლობებს ეთმობა. გარდა ამისა, მონაწილეები ამბობენ, რომ ოჯახში მხარდაჭერის არარსებობის გამო, ისინი იძულებული იყვნენ სამსახურისთვის თავი დაენებებინათ. კითხვაზე, თუ რა იყო ქალებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურში, მონაწილეებმა უპასუხეს, რომ მნიშვნელოვანი იყო გრაფიკი, რადგან ქმრები მოელიან, რომ ცოლები "სახლში დროზე დაბრუნდნენ".

ამ კვლევის მიხედვით, ქალების წილი სამუშაო ძალაში, კაცებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია. მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ეს განსხვავება 29 პროცენტულ ერთეულს შეადგენს, ხოლო პროდუქტიულ ასაკში (18-64) 27 პროცენტულ ერთეულს.

დოკუმენტში სწერია, რომ არსებული განსხვავება უმეტესად შეიძლება აიხსნას პირველადი სტატუსით, რასაც სამუშაო ძალის მიღმა მყოფი ქალები ანიჭებენ საკუთარ თავს.

ოჯახი

"ზრდასრული ქალების 21% და პროდუქტიული ასაკის ქალების 27% თავს დიასახლისად აღიქვამს. ამის საპირისპიროდ, როგორც მთლიანი მოსახლეობის, ისე პროდუქტიული ასაკის კაცების ერთ პროცენტზე ნაკლები მიუთითებს თავის ძირითად საქმიანობად საოჯახო საქმეებს", - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევის ავტორების აზრით, ის ფაქტი, რომ პროდუქტიული ასაკის ყოველი მეოთხე ქალი საკუთარ თავს მიიჩნევს დიასახლისად, მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე კაცი ამბობს იმავეს საკუთარ თავზე, მიუთითებს, რომ ქალებს მუშაობაში აბრკოლებს ეკონომიკური არააქტიურობის ძირითადი მიზეზი - საზოგადოებაში სამუშაო ძალის გენდერული დაყოფა და მასთან დაკავშირებული აუნაზღაურებელი მოვლა.

"აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს იმ ქალების პასუხები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ. ეკონომიკურ არააქტიურობას ქალები შემდეგნაირად ხსნიან: ქალების 40% აღნიშნავს, რომ ისინი არ მუშაობენ "პირადი და ოჯახური მიზეზების" გამო; ეს მაჩვენებელი 22%-ია კაცების შემთხვევაში. გარდა ამისა, ქალების 24%-ს ურჩევნია დარჩეს სახლში და იზრუნოს შვილებზე, შესაბამისად, არ იმუშაოს; კაცების შემთხვევაში კი მხოლოდ 2% ისურვებდა იმავეს. ხუთიდან ერთი ქალი, რომელიც ამბობს რომ არ მუშაობს, აღნიშნავს, რომ მათი მეუღლეების სურვილია ისინი სახლში დარჩნენ. შედარებისთვის, კაცების შემთხვევაში იგივე სურვილი აქვს ორმოცდაათიდან ერთს. იმ ქალების 6%, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ, ამის მიზეზად ასახელებს ბავშვთა მოვლის ხელმიუწვდომლობას ან დაბალ ხარისხს, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1%-ია", - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ქალების მიერ დასახელებული მიზეზები ერთნაირია როგორც თბილისის, ისე სხვა ქალაქებისა და სოფლებისათვის. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ სხვა ურბანულ დასახლებებში ქალები უფრო ხშირად მიუთითებენ შესაფერისი სამსახურის პოვნის სირთულეზე - ქალების 66% სხვა ურბანულ დასახლებებში, 51% დედაქალაქში და 53% სოფლებში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლევაში ამბობს, რომ საერთო ჯამში, იმ ქალების 49%-მა, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ, მიზეზად ოჯახის მოვლასა და პირად ვალდებულებებთან დაკავშირებული ფაქტორებიდან ერთერთი მაინც დაასახელა, რაც ორჯერ მეტია უმუშევარი კაცების მიერ დასახელებულ იმავე მიზეზებზე (24%). ეს წილი არის პროდუქტიული ასაკის ქალების 57%.

"დიასახლისის სტატუსის მქონე ქალები ოჯახის და პირადი საქმეების შესრულებას დროის 74%-ს უთმობენ და ამას ასახელებენ უმუშევრობის მიზეზად. იმ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ, მაგრამ არც დიასახლისები არიან, მსგავს საქმიანობაზე დროის 37% ეხარჯებათ. ეს ცხადად მიუთითებს, რომ საოჯახო საქმეები არის სამუშაო ძალაში ქალებისა და კაცების მონაწილეობას შორის განსხვავების ძირითადი მიზეზი", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში რეპროდუქციული ასაკობრივი ზღვარი (18-45) სამუშაო ძალაში ქალების ნაკლებ მონაწილეობასთან ასოცირება, ხოლო ამ ასაკის გავლის შემდეგ ქალებისთვის მუშაობის შესაძლებლობა იზრდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 25-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალაში ქალების ჩართვის ალბათობა 53% -ია და ასაკის მატებასთან ერთად იზრდება - 45 წლიდან 54 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 67%-ია. ამის შემდეგ მაჩვენებელი იკლებს.

კვლევის მიხედვითვე, უმუშევრობის მიზეზად საოჯახო საქმეების დასახელება მაღალია 25-34 წლიან ასაკობრივ ჯგუფში, 18-24 წლიან ასაკობრივი ჯგუფი კი მიზეზად ძირითადად განათლების მიღებას ასახელებს.

"ქალები იმავე სიხშირით ამბობენ, რომ არ მუშაობენ ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო, რა სიხშირითაც საკუთარ თავს დიასახლისად აღიქვამენ. 18-24 წლის შემდეგ მკვეთრად იზრდება უმუშევრობის მიზეზად დიასახლისობის და საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული ფუნქციების დასახელება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ქალები ამ მიზეზებს ნაკლებად მოიხსენიებენ და ნაკლებად ახდენენ საკუთარი თავის დიასახლისებად იდენტიფიცირებას. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ აუნაზღაურებელი მოვლა არის ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ქალები მიუთითებენ, რომ საოჯახო საქმეებზე კვირაში საშუალოდ 45 საათი ეხარჯებათ, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობას უდრის. თუმცა, კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ოჯახის მოვლის ტვირთი არც დასაქმებულ ქალებშია ნაკლები.

"თუ გავითვალისწინებთ, რა დრო ეხარჯებათ ქალებს ოჯახის მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გამო, ნათელია, რატომ სახელდება ეს მიზეზი ყველაზე ხშირად უმუშევრობის განმაპირობებელ ფაქტორად. ქალები მიუთითებენ, რომ საშუალოდ, საოჯახო საქმეებზე ეხარჯებათ კვირაში 45 საათი: ეს იგივეა, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობა, რეგულარული ზეგანაკვეთური შრომით. ოჯახის მოვლის ტვირთი არც დასაქმებულ ქალებშია ნაკლები. აღნიშული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებში, თბილისის გარდა. ქალები სხვა ურბანულ დასახლებებში მიუთითებენ, რომ აუნაზღაურებელ შრომას სახლში უთმობენ 56 საათს. ეს მაჩვენებელი 43 საათია თბილისისათვის და 37 საათი სოფლის ტიპის დასახლებებში. ქალებისაგან განსხვავებით, კაცები საოჯახო საქმიანობას კვირაში 15 საათს უთმობენ. დასაქმებულ და უმუშევარ კაცებს შორის ამ კუთხით რამე მნიშვნელოვანი განსხვავება არ ფიქსირდება, ისევე, როგორც არ არის განსხვავება დასახლების ტიპების მიხედვით", - წერია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალების უმუშევრობის ამოსავალი წერტილი არის ოჯახის გამო სამსახურისთვის თავის დანებება ან სამსახურის ძებნის შეწყვეტა. მეტიც, კაცების შემთხვევაში ქორწინებას მათ დასაქმებაზე დადებითი ეფექტი აქვს.

​"ქალები, რომლებსაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ უმუშავიათ ოჯახთან დაკავშირებული მიზეზების გამო. 18 პროცენტული ერთეულით მეტი ალბათობით არიან სამუშაო ძალის მიღმა, ვიდრე ის ქალები, რომლებსაც უმუშევრობის მიზეზად არ დაუსახელებიათ ოჯახთან დაკავშირებული საქმეები. ამის საპირისპიროდ, კვლევაში მონაწილე კაცების საკმარის რაოდენობას არ დაუსახელებია სამუშაოს მიტოვების მიზეზად ოჯახთან დაკავშირებული საქმეები იმისათვის, რომ გაკეთდეს სტატისტიკურად სანდო შეფასება სამუშაო ძალაში მონაწილეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქორწინებას აქვს ძლიერი, დადებითი ეფექტი კაცების მონაწილეობაზე სამუშაო ძალაში. სხვა თანაბარ პირობებში, დაქორწინებული კაცები 14 პროცენტული ერთეულით მეტი ალბათობით მონაწილეობდნენ სამუშაო ძალაში, ვიდრე დაუქორწინებელი კაცები. ქორწინებას, სხვა ფაქტორების კონტროლის პირობებში, არ აქვს გავლენა ქალების მონაწილეობაზე სამუშაო ძალაში. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ საქართველოში, დაქორწინებისა და ბავშვების ყოლის მიუხედავად, სამუშაო ძალიდან გამოსვლა ან სამსახურის ძებნის შეწყვეტა ოჯახის გამო არის სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის ამოსავალი წერტილი", - მითითებულია დოკუმენტში.

ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს უმუშევრობის მთავარ მიზეზად განათლების მქონე ქალების უმრავლესობაც. კვლევის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე ქალების 55%-მა და პროფესიული განათლების მქონე ქალების 53%-მა უმუშევრობის მიზეზად ოჯახის მოვლის საკითხებთან დაკავშირებული მიზეზებიდან ერთ-ერთი მაინც დაასახელა. ეს მაჩვენებელი საშუალო განათლების მქონე ქალების შემთხვევაში 43%-ია.

"მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის მიღმა ყოფნის პირველადი მიზეზი ერთი და იგივეა სხვადასხვა საფეხურის განათლების მქონე ქალებისათვის, ზოგიერთი ფაქტორი ნაკლებად პრობლემურია უმაღლესი განათლების მქონე ქალებისათვის. მაგალითად, უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების მქონე ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ მიზეზად შედარებით იშვიათად ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს: საჭირო კვალიფიკაციის არქონა, მობილობის პრობლემა, ან მუშაობის სურვილის არქონა. უმაღლესი განათლების მქონე ქალები ასევე ოდნავ უფრო იშვიათად აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ სამსახურისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია იმის გამო, რომ მუშაობა დროებით შეწყვიტეს", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე ყველაზე დადებითად განათლების ფაქტორი მოქმედებს, თუმცა უმაღლესი განათლების მქონე ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში მაინც ნაკლებია ნებისმიერი საფეხურის განათლების მქონე კაცების მონაწილეობასთან შედარებით.

"უმაღლესი განათლების მქონე ქალები 20 პროცენტული ერთეულით მეტი ალბათობით მონაწილეობდნენ სამუშაო ძალაში. თუმცა, პროფესიული განათლების მქონე ქალები მეტად ან ნაკლებად არ მონაწილეობდნენ სამუშაო ძალაში, ვიდრე საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ქალები. აშკარაა, რომ უმაღლესი განათლება ქალებისათვის უფ­რო მეტად არის დაკავშირებული სამუშაო ძალაში მონაწილეობასთან. თუმცა, ამის მიუხედავად, უმაღლესი განათლების მქონე ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში ნებისმიერი საფეხურის განათლების მქონე კაცების მონაწილეობას მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება - სამუშაო ძალაში მონაწილეობის უმაღლესი განათლების მქონე კაცების 83%, პროფესიული განათლების მქონე კაცების 82% და საშუალო ან საშუალოზე დაბალი განათლების მქონე კაცების 75%", - აღნიშნულია კვლევაში.

ანაზღაურება და სხვა მიზეზები

ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ არ მუშაობენ, შეუწყვეტიათ მუშაობა ან საერთოდ არ უძებნიათ სამსახური იმიტომ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი სამსახური არ არის კარგად ანაზღაურებადი. ამას ადასტურებს არსებული მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ქალებს კაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებს უხდიან. კვლევის დროს, ქალის საშუალო წლიური შემოსავალი იყო ~1,830 აშშ დოლარი (4,517 ლარი), კაცის კი ~3,110 აშშ (7,681 ლარი). ეს 41%-იანი სახელფასო სხვაობაა. თბილისში ეს სხვაობა 43%-ია, სხვა ურბანულ დასახლებებში - 53%, ხოლო სოფლებში - 26%.

"ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებს გამოიმუშავებენ. ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ არ მუშაობს, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი სამსახურები საკმარის ანაზღაურებას არ გასცემენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მუშაობის შედარებით ნაკლები მოტივაცია აქვთ. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუ ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის არსებული განსხვავება შემცირდებოდა ან საერთოდ აღმოიფხვრებოდა, მეტი ქალი ჩაერთვებოდა სამუშაო ძალაში. თუმცა, ქალებისა და კაცების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის განსხვავება მაინც შენარჩუნდებოდა, იმ დიდი რაოდენობით აუნაზღაურებელი შრომის გამო, რომელსაც ქალები ასრულებენ იმისდა მიუხედავად, არიან დასაქმებულები, თუ არა. შესაბამისად, აუნაზღაურებელი შრომის საკითხი მეტად თუ არა, თანაბრად მნიშვნელოვანი მაინც არის", - აღნიშნულია კვლევაში.

UN WOMEN-ის გამოკითხვაში მონაწილე ქალებმა ასევე აღნიშნეს, რომ პრობლემურია საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ სოფლის ტიპის დასახლებიდან თქვა: "უფრო მეტი ქალი იმუშავებდა თუ ექნებოდა წვდომა ბავშვის მოვლის ხარისხიან სერვისზე რეგიონებში. პირადად მე შემომთავაზეს სამუშაო როცა ჩემი შვილი ერთი წლის და 6 თვის იყო და სოფელში არ არსებობდა ბაღი.... [შესაბამისად, ვერ მივიღე შემოთავაზება]".

კვლევის მიხედვით, ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა ასევე თქვეს, რომ ბაღების განრიგიც პრობლემურია, რადგან ისინი იხურება საღამოს 6 საათზე, მაშინ, როცა 6 საათზე მთავრდება სამუშაო დროც.

ქალები ეკონომიკური არააქტიურობის შედეგები

ქალები, რომლებიც სამუშაო ძალის მიღმა ან უმუშევრები არიან, ცხოვრობენ უარეს ეკონომიკურ პირობებში, აქვთ ცხოვრების ხარისხის უფრო დაბალი მაჩვენებელი და ზოგადად უფრო ხშირად არიან გენდერული თანასწორობის საწინააღმდეგო შეხედულებების მატარებლები. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოკითხულ დასაქმებულ ქალებთან შედარებით, დაუსაქმებელი ქალები ცხოვრობენ უფრო ღარიბ ოჯახებში და აქვთ შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე.

ოჯახებში, სადაც ქალები მუშაობენ, საშუალო წლიური შემოსავალი 11,706 ლარი (~4,800 აშშ დოლარი) იყო, ხოლო სადაც არ მუშაობენ, 8,666 ლარი (~3,480 აშშ დოლარი), ანუ 26%ით ნაკლები.

"შესაბამისად, მაშინ, როცა ქალები არ მუშაობენ, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს. ნებისმიერ ოჯახში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი არ მუშაობს, შემოსავალი იკლებს. თუმცა, არსებული მიგნებები მიუთითებს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა დაბალია იმ ოჯახებში, სადაც ქალები არ მუშაობენ ან სამუშაო ძალის მიღმა არიან", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ფოკუს ჯგუფის მიმდინარეობისას უმუშევარ ქალებს დაესვათ კითხვა, თუ როგორ იქნებოდა მათი ცხოვრება განსხვავებული, დღის განმავლობაში სამსახურში რომ ევლოთ. ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ "ცხოვრება იქნებოდა უფრო აქტიური და მხიარული". სხვა მონაწილის მიხედვით "როცა მუშაობ, ყველაფერი განსხვავებულია. ხდები წარმატებული და არ ხარ დაკავებული მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებით".

"წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ უმუშევრობას ქალების ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენა აქვს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებული ქალებისგან ოჯახის მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის იმავე დატვირთვით შესრულებას მოელიან, თუ მათ არ ჰყავთ დაქირავებული დამხმარე. ამასთან, ეს ხდება მათი მეუღლეების დასაქმების სტატუსის მიუხედავად. ზოგიერთ საკითხთან მიმართებით დასაქმებულ ქალებს აქვთ უფრო ეგალიტარული შეხედულებები ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობაზე. დასაქმებული ქალები შედარებით ნაკლებად ფიქრობენ რომ „ქალებმა უნდა მოითმინონ ძალადობა ოჯახის შენარჩუნების ხათრით“ (შესაბამისი მაჩვენებლებია 10% და 6%). დასაქმებული ქალები 5 პროცენტული ერთეულით უფრო ხშირად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ „სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს“, ვიდრე უმუშევარი ქალები", - აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ მართალია მუშაობამ ქალებს ზოგიერთი მიმართულებით ნაკლებად ნეგატიური შეხედულებებისკენ შეიძლება უბიძგოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პირიქითაც ხდება.

შეჯამება და რეკომენდაციები

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქალების ეკონომიკური არააქტიურობის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში შრომის გენდერული ნიშნით დაყოფაა, რომელსაც თან ახლავს მოვლასთან დაკავშირებული ქალის აუნაზღაურებელი საქმიანობა.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ქალები აცხადებენ, რომ საოჯახო საქმეებს კვირაში დაახლოებით 45 საათს უთმობენ (დაახლოებით სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე კაცები), გასაკვირია არაა, რომ ბევრი ქალი არ მუშაობს. უფრო მეტიც, მონაცემები გვიჩვენებს, რომ მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები მეტწილად არ იცვლება იმის მიუხედავად, მუშაობენ ქალები, თუ არა. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აუნაზღაურებელ მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გავლენას ახდენს ქალების მიერ სამსახურში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე, სამუშაოზე დახარჯულ დროსა და ენერგიაზე", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის დიდ ნაწილს ქალები ასრულებენ მთელ მსოფლიოში. ეს ეხება როგორც ანაზღაურებად, ისე არაანაზღაურებად საქმიანობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქალები სამჯერ უფრო მეტად ასრულებენ ასეთ საქმიანობას, ვიდრე კაცები.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია განმარტავს, რომ მოვლა მოიცავს როგორც დამოკიდებული პირის მოვლას, ასევე, ოჯახისთვის შესრულებულ საქმიანობას, როგორიცაა საჭმლის მომზადება და დასუფთავება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "მსოფლიოში მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის უმეტეს ნაწილს მომვლელები ანაზღაურების გარეშე ეწევიან, უპირატესად, ქალები და გოგონები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან. აუნაზღაურებელი მოვლა ძირითადი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე და სამუშაოს ხარისხს".

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კვლევის მიხედვით, ანაზღაურებადი მომვლელების უმეტესობასაც ქალები წარმოადგენენ. ისინი ხშირად არაფორმალურ სექტორში მუშაობენ, ცუდი სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება აქვთ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის გასაზრდელად გაეროს ქალთა ორგანიზაცია შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

  • ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალი ხარისხისა და იაფ ან უფასო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებზე;
  • მოხუცებულთა მოვლის უფრო გამართული პოლიტიკის წარმოება, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა;
  • სოციალური კამპანიების ჩატარება, რომლებიც კაცებს წაახალისებს, მეტი დრო დაუთმონ არაანაზღაურებად მოვლას, მათ შორის, დამოკიდებულ პირებზე ზრუნვასა და საოჯახო საქმიანობას. ეს კამპანიები უნდა წარმოაჩენდნენ აუნაზღაურებელი მოვლის მნიშვნელობას ქვეყნების ეკონომიკისთვის, მის გავლენას სოციალურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში ოჯახის ეკონომიკის კურსის შეტანაზე მსჯელობა - იგი უზრუნველყოფს, რომ ბიჭებმაც ისწავლონ იმ დავალებების შესრულება, რასაც ძირითადად გოგონებისგან მოელიან შრომის გენდერული ნიშნით დაყოფის გამო;
  • უმაღლესი საფეხურის განათლების მისაღებად სტიპენდიების დაწესება იმ გოგონებისთვის, ვინც ასეთი მხარდაჭერის გარეშე განათლების მიღებას ვერ შეძლებენ;
  • სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების დავალდებულება, მიუთითონ მმართველ და დაქვემდებარებულ პოზიციებზე დასაქმებული ქალებისა და კაცების წილი და მათი საშუალო ხელფასები;
  • ოჯახური მდგომარეობისთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობების შემუშავება და დანერგვა დასაქმებულებისთვის. უფრო კონკრეტულად, საჯარო სექტორში მოქნილი გრაფიკისა და ისეთი პოზიციების შექმნა, რომლებზეც შესაძლებელი იქნება სამუშაოს გადანაწილება (ორი პირის დასაქმება ნახევარ-ნახევარი განაკვეთით ერთ პოზიციაზე). კერძო სექტორის წახალისება, გადადგან ნაბიჯები, რომ შეიქმნას აუნაზღაურებელი მოვლის ხელშემწყობი სამუშაო გარემო; 9 ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში
  • აუნაზღაურებელ მომვლელთა სამუშაო ძალაში შენარჩუნების, რეინტეგრაციისა და მათი განვითარების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და შრომის ბაზრის პოლიტიკის შემუშავება.

მეთოდოლოგია

კვლევა ლიტერატურის მიმოხილვისა და საკვლევი კითხვების განსაზღვრით დაიწყო, ჩამოყალიბდა კვლევის ინსტრუმენტები და, მათი გამოყენებით, შეგროვდა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები. მონაცემების შეგროვების შემდეგ მკვლევართა გუნდმა შეგროვებული მონაცემები გააანალიზა, რათა პასუხები გაეცა პროექტის დასაწყისში დასმული საკვლევი კითხვებისთვის. თვისებრივი მონაცემების შეგროვების საშუალებები მოიცავდა ფოკუს ჯგუფებსა და ექსპერტებთან ინტერვიუებს, ხოლო რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება გულისხმობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, რომელიც, თავის მხრივ, წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა 2018 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. ის როგორც მთლიანად საქართველოს, ასევე თბილისის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია. გამოიკითხა 1,438 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 3.9%-ია.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებისა და გოგოების ინტერესების დაცვა და მათი პრიორიტეტების დაკმაყოფილება.

კომენტარები