თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს. ენმ-ის ცნობით, ფრაქციამ პარლამენტს უკვე წარუდგინა დადგენილების პროექტი. 

ენმ-ის ცნობით, აღნიშნული ფაქტისას სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იკვეთება, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა. 

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილედა პირის ლიკვიდაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება,"- წერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. ის სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები