ეკა ბესელია

ეკა ბესელია მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს

ტაბულა

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე საუბარში მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს. ეკა ბესელიამ ამის შესახებ ინტერპრესნიუსს უთხრა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი წლის შემდეგ იტყვის სად აგრძელებს მუშაობას.

"გეგმებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. ჩემთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესების ეს პროცესი შეჩერდა, ჩემთვის მთავარია ასევე, არ შეჩერდეს კომიტეტის საქმიანობა. ბევრი მიმდინარე პროექტია დაწყებული, ბევრი მიმდინარე კანონპროექტია, რომელზეც ვმუშაობდი და ეს საკითხები რომ არ დაზიანდეს, უნდა გავიარო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან. ამის შემდეგ, ახალი წლების შემდეგ, მექნება დრო, რომ ვისაუბრო ჩემს გეგმებზე. მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ. გუნდურობასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებებიც არის არაკორექტული. მე ვარ ამ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. თუმცა მომავლის გეგმებზე, სად გავაგრძელებ საქმიანობას პარლამენტში, ამაზე ახალი წლის შემდეგ ვისაუბრებ", - ამბობს ეკა ბესელია ინტერპრესნიუსთან.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების საკითხზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.

"პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი და მაქვს კომუნიკაცია. გადაწყვეტილების მიღებამდეც მქონდა მასთან საუბარი. არ მინდა ამ თემებზე საუბარი", - ამბობს ბესელია იპნ-სთან.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ, 27 დეკემბერს დატოვა.

კომენტარები