ლევან მურუსიძე

მურუსიძე: პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის

ლევან მურუსიძის თქმით, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვერ ხვდება, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის ან დავით აღმაშენებლის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლება არ არის, მისი მწვავე განცხადებები ლევან მურუსიძეზე კი მიკერძოებულია. 

"რაც შეეხება გიორგი მშვენიერაძეს, ადამიანს ვერ გავაგებინე, რომ თამარ მეფის პრეზერვატივზე დახატვა, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, ახლა კარს გვიმტვრევს, რომ დამანიშნინეთ უზენსაესის მოსამართლეო. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი იმას ვერ ხვდება, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების საკითხი, რომ თამარ მეფე იქნება, დიდგორის ბრძოლა იქნება თუ რაღაცა - თაობები იზრდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში და მინდა დავანახო, რომ ეს ადამიანი არის მიკერძოებული და როდესაც ადამიანი არის მიკერძოებული, მისი პოზიციაც არის მიკერძოებული", - თქვა ლევან მურუსიძემ პალიტრის ეთერში. 

მურუსიძე, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა, მშვენიერაძემ გააკრიტიკა. ფეისბუქზე მან დაწერა: 

"ბარემ ისიც ვიცოდეთ, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა (ფაქტობრივად თქვა, რომ კაცი ციხეში მტკიცებულებების გარეშე გაუშვეს).

ჩემი ინფორმაციით კი ამ საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე სისტემის მსხვერპლი ლევან მურუსიძე იყო", - დაწერა მშვენიერაძემ. სწორედ მის ამ განცხადებას უპასუხა მურუსიძემ

სწორედ ლევან მურუსიძეა ის მოსამართლე, ვინც სააპელაციო სასამართლოში პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის, "აიისას" საქმე განიხილა.

სასამართლოში კომპანიის ინტერესებს გიორგი მშვენიერაძე იცავდა. 

"აიისა" თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.

ლევან მურუსიძემ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ლევან მურუსიძე 27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩია. მის კანდიდატურას საბჭოს არამოსამართლე წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, სულხან მოლაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება, ასევე ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმეში ექსპერტიზის 40 დღის დაგვიანებით დანიშვნა, რაც მიქიაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეფასდა. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო გაამტყუნა და სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის სხვადასხვა ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.  

კომენტარები