გიორგი გიორგანაშვილის საქმე

სასამართლომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში ბახალა უდანაშაულოდ სცნო

facebook.com/baxalastvis

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში უდანაშაულოდ ცნო (ე.წ 900 აბი სუბოტექსის საქმე), ხოლო ამავე საქმეში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბახალა დამნაშავედ არის ცნობილი 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობის საქმეში და 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილს ბრალი 2 აპრილს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. მუხლი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის დეტალების შესახებ მაშინ პროკურატურამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: 

"გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები.

შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი და ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ქორიძემ ნარკოტიკული საშუალება საზღვარზე მამამისის კუთვნილი მედიცინის ცენტრის რეანომობილით გადმოიტანა.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით ი.ქ.-მ, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ფაქტობრივად ახორციელებდა დირექტორის ფუნქციებს მამამისის თ.ქ-ს კუთვნილ შპს "კატასტროფის მედიცინის ცენტრში", რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ-ს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, სადაც მას გ.გ. შეხვდებოდა და ნარკოტიკულ საშუალებებს გადასცემდა, რასაც ჯ.ხ. რეანომობილით, შენიღბული გზით უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში და ი.ქ-ს. გადასცემდა. დანაშაულებრივი მიზნით თურქეთში რეანომობილის გამგზავრების შესანიღბად, ი.ქ-მ დაიყოლია მათი საერთო ნაცნობი ლ.შ, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა, ჯ.ხ-ს რეანომობილით ქ.ტრაპზონში წაჰყოლოდა სისხლის ანალიზის ასაღებად და ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 23 იანვარს თურქეთის მიმართულებით მიმავალი რეანომობილი გზაში გაფუჭდა, რის გამოც ექიმს და ექთანს, ვინაიდან ლ.შ-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა, თბილისში დაბრუნება სურდათ. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ-მ ისინი არ დააბრუნა თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა, რომელსაც ჯ.ხ.-ც გაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპზონში გ.გ-ს და საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები რეანომობილით წამოეღო.

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გ.გ-მ ჯ.ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რაც ჯ.ხ-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯ.ხ. 2017 წლის 24 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-17 კილომეტრზე დააკავეს. მისი მითითებით რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ხ.ჯ. ამჟამად მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანისთვის", - აცხადებენ პროკურატურაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, რომლის ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები:

"ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები".

შსს-ს განცხადებით, ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ახალი ბრალი წარედგინა. ირაკლიქორიძეს, რომელსაც უწყება "დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორად" მოიხსენიებს, პატიმრობა უკვე შეეფარდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის იანვარში მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ჰქონდა წარდგენილი. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

კომენტარები