მიშელ ობამა

მიშელ ობამა ყველაზე დაფასებული ქალია ამერიკელებისთვის

getty images

Gallup-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში ამერიკელებმა ყველაზე დაფასებულ ქალად მიშელ ობამა დაასახელეს. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 17 წლის განმავლობაში, როდესაც პირველ ადგილს ჰილარი კლინტონი არ იკავებს. ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, რომელიც 3 წლის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო, წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ავტობიოგრაფიული წიგნის ტურნეა. ოპრა უინფრი მეორე ადგილზეა, შემდეგ კი კლინტონი და მელანია ტრამპი მოდიან.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მე-11 ჯერ დაიკავა პირველი ადგილი ყველაზე დაფასებულ მამაკაცებში. დონალდ ტრამპი მე-4 წელია მეორე ადგილს იკავებს.  

Gallup-ის ყოველწლიური გამოკითხვა 3-12 დეკემბრის შუალედში ამერიკელებს ღია კითხვას უსვამს, რომ დაასახელონ მამაკაცი და ქალი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რომელსაც ისინი ყველაზე მეტად აფასებენ. გალუპი გამოკითხვას 1946 წლიდან ყოველწლიურად აკეთებს, გარდა 1976 წლისა.

10 ყველაზე დაფასებულ ქალში კვლავ მოხვდა დედოფალი ელიზაბეტი, რომელიც ტოპ ათეულში უკვე 50-ედ შევიდა. ათეულში მოხვდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუტ ბეიდერ გინსბურგი, ელენ დეჯენერისი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკ ჰეილი, აქტივისტი მალალა იუსაფზაი და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი.

დედოფლის მსგავსად, ვინფრისა და კლინტონსაც დიდი ისტორია აქვთ ათეულში ყოფნის. ვინფრი 31-ედ მოხვდა წელს, კლინტონი კი 27-ედ. კლინტონი პირველ ადგილზე 22-ჯერ იყო - 1993, 1994, 1997-2000, 2002-20017 წლებში. მათ შორის, 3-ჯერ იყო მეორე ადგილზე, ერთხელ მე-3 და მე-4 ადგილებზე.

რაც შეეხება მამაკაცებს, ტოპ ათეულში მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომის პაპი ფრანცისკე, ბილ გეითსი, ბერნი სანდერსი, ბილ კლინტონი, დალაი ლამა, ჯო ბაიდენი, ილონ მასკი და მაიკ პენსი.

ათეულში ხშირად იყვნენ ჯონ მაკკეინი და ამერიკელი ევანგელისტი პასტორი ბილი გრემი, ისინი წელს გარდაიცვალნენ. მაკკეინი ათეულში 6-ჯერ იყო დასახელებული, ხოლო ბილი გრემმი 1955-დან 2017 წლამდე ყოველ წელს, გარდა 1962 წლისა.  

გრემის შემდეგ რეკორდსმენია რონალდ რეიგანი, რომელიც ათეულში 31-ჯერ მოხვდა.

კომენტარები